ახალი ამბები

რა ქონება დააგროვა ‘კორუფციის დამარცხების სიმბოლომ’

26 ნოემბერი, 2012 • 3887
რა ქონება დააგროვა ‘კორუფციის დამარცხების სიმბოლომ’

საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს – ჯაბა ებანოიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის 22 თებერვალს აქვს შევსებული, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.

 

ჯაბა ებანოიძე
ჯაბა ებანოიძე

დეკლარაციის მიხედვით, ჯაბა ებანოიძე ფლობს ბინას (200 კვ.მ) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოფარეხთან ერთად; საცხოვრებელ სახლს (200 კვ.მ) – დაბა კოჯორში, მიწის ნაკვეთებს – დაბა კოჯორში (2000 კვ.მ), თბილისში – ბაგების სატყეო უბანში (1378 კვ.მ), გუდაურში (44 ათასი კვადრატული მეტრი).

 

გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბერის ჩათვლით ჯაბა ებანოიძემ, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ამ სამუშაოების შესრულებისთვის შემოსავლის სახით, ჯამში, მიიღო 96 899 ლარი, რაც თვეში შეადგენს 8000 ლარზე მეტს.

 

ებანოიძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ “თიბისი ბანკის” სადეპოზიტო ანგარიშზე ფლობს 200 ათას აშშ დოლარს, ხოლო “საქართველოს ბანკის”, ასევე, დეპოზიტზე – 97 424 ლარს, ამავე ბანკების მიმდინარე და სახელფასო ანგარიშზე კი – 15 ათასამდე ლარს.

 

დეკლარაციაში ჯაბა ებანოიძეს აღნიშნული აქვს, რომ გასულ წელს ბინის რეალიზაციიდან მან მიიღო შემოსავალი 28 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გასავალმა (სარემონტო სამუშაოებისთვის) შეადგინა – 22 ათასი ლარი.

 

ჯაბა ებანოიძე საჯარო სამსახურში 2006 წლიდან დასაქმდა. იგი 2006-09 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2009-11 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2011 წელს დაინიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ებანოიძე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, სადაც მოწმის სტატუსით დაიკითხება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის თქმით, “ჯაბა ებანოიძე არის ადამიანი, რომელიც არის საქართველოში სიმბოლო კორუფციის დამარცხების”.

მასალების გადაბეჭდვის წესი