ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე: სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაგვიბრუნდება

1 მარტი, 2017 • 2827
დვალი და აქიმიძე: სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაგვიბრუნდება

დღეს, 1 მარტს, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგება მაშინ, როცა ტელევიზია  დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

“ხვალ ფაქტიურად ისტორიულ მიჯნაზე ვდგავართ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. სამართლიანობა აღდგება იმ შემთხვევაში, როდესაც ტელევიზია დაუბრუნდება იმ დამფუძნებლებს, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში შრომის, ოფლის, ნერვების ფასად იმ კოლექტივთან ერთად, რომლის ბირთვი ახლაც მუშაობს „რუსთავი 2“-ში [შევქმენით “რუსთავი 2”]. ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ “რუსთავი 2” არ დაუბრუნდება თავის ძველ დამფუძნებლებს,”- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

“დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად დიდი ზეწოლისა და აჟიოტაჟისა, რომელიც ამ სასამართლო პროცესს ახლავს თან, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველამ იცის, რომ როგორი უნდა იყოს სინამდვილეში. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ტელევიზია დღევანდელი მფლობელების ხელში არ მოხვედრილა პატიოსანი გზით, არც შემთხვევით უპოვიათ უცხოპლანეტელების დატოვებული ტელევიზია, ამ ტელევიზიას ჰყავდა შემქმნელები”, – ამბობს დავით დვალი.

ჯარჯი აქიმიძე

ჯარჯი აქიმიძე

ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია. ის არის ნაციონალური მოძრაობის რომელიღაცა განაყოფის ტელევიზია, რომელიც მათ პოლიტიკას ახორციელებს.

“ის ხალხი, ვინც გამოდის და იცავს “რუსთავი 2”-ს, ის იცავს პარტიულ ტელევიზიას და არა თავისუფალ ტელევიზიას, იმ შემთხვევაში კი, როცა ტელევიზია დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, მაშინ ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”.

აქიმიძემ გაიხსენა ის 3 პრინციპი, რომლის გარშემო გაერთიანდნენ ქიბარ ხალვაშთან ერთად, რომლის მიხედვითაც, “რუსთავი 2” გაემიჯნება ყველა პოლიტიკურ ძალას: სახელისუფლებოსაც და ოპოზიციურსაც, იგი არასოდეს გახდება პოლიტიკური პროცესებში მხარე და ტელეკომპანია არ დაფინანსდება ბიუჯეტიდან ან კონკრეტული პარტიების შემოწირულობებიდან.

დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ამის იმედს ის გარემოება აძლევს, რომ ქიბარ ხალვაშთან ერთად ამ პრინციპებზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ ეჭვი   შეტანონ ქიბარ ხალვაშის სიტყვებში, რომ ამ პირობას არ შეასრულებს, არ აქვთ.

დავით დვალი

დავით დვალი

დავით დვალი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ დაუბრუნდებათ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის 60%, ისინი იმ ძალის წინააღმდეგი იქნებიან, ვის მფლობელობაშიც იქნება “რუსთავი 2”.

დავით დვალი ამბობს, რომ ყველა მხარე ამ პროცესში დაინტერესებულია იმით, რომ მინიმიზება გაუკეთოს დამფუძნებლების როლს “რუსთავი 2”-ის შექმნასა და მიმდინარე სამართლებრივ პროცესში.

“ჩვენ მაყურებლის როლში ვართ დაყვანილი”, – წუხს დავით დვალი.

დვალის თქმით, იგი დამოკიდებულია მიმდინარე სამართლებრივ დავაზე ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის, რადგან მიაჩნია, რომ ეს დავა მოიცავს დამფუძნებლების ბრძოლის მნიშვნელოვან სეგმენტს.

“სამართლიანობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს მის შემქმნელებს”, – ამბობს დავით დვალი.

ხვალ, 2 მარტს უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს რუსთავი 2-ის მფლობელებისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დავასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

უზენაესი სასამართლოს პალატამ სამი მოსამართლის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” მიაკუთვნეს ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ მან შეიძინა “რუსთავი 2”, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩარევით ძალით დაათმობინეს.

სასამართლო დავის პარალელურად აქციები იმართება “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად,. ტელეკომპანიის მფლობელებს მიაჩნიათ, ეს სამართლებრივი დავა არის საქართველოს ხელისუფლების სურვილი, აკონტროლოს “რუსთავი 2”.

მასალების გადაბეჭდვის წესი