ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო

9 სექტემბერი, 2016 • 1942
უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი.

ამის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საქმეს საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწყო.

ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანიშვილი 4. გიორგი ყარამანიშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე 7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”], ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997$-ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი