ახალი ამბები

რასაც მე ვხედავ, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს – მიტროპოლიტი პეტრე

28 თებერვალი, 2017 • 1900
რასაც მე ვხედავ, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს – მიტროპოლიტი პეტრე

“საჯარო განცხადებები რაც გავაკეთე, რაც ხმა ავიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა ჩემს მიმართ შეკითხვები. მზად ვარ, ნებისმიერ წინააღმდეგობას და განსაცდელს ჩემი პოზიციიდან გამომდინარე [წინ] აღვუდგე”, – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა.

მიტროპოლიტ პეტრეს პროკურატურაში დაბარების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მღვდელმთავარი მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე მივიდა.

“მიჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ეჭვი, [იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ შეიძლება]კურიოზულ შემთხვევას წავაწყდეთ, რომ ყველა ბრალდებიდან გამომდინარე მამა გიორგის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით.

იმედის ეთერში ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დამისვა შეკითხვა, როცა მე ვსაუბრობ საპატრიარქოს დე ფაქტო  ჩრდილოვან მმართველობაზე და დე ფაქტო მმართველის რუხ კარდინალობაზე, რა გამოდისო, რომ საპატრიარქოს მართავს ჩრდილოვანი მმართველი და პროკურატურასაც მართავსო? ესეც საინტერესო შეკითხვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ [შემეძლო] ძალიან საინტერესო ფაქტი მომეყვანა, თავი შევიკავე ამ ფაქტის გახმოვანებისაგან. მაგრამ დღეს გამოჩნდება ნამდვილად საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსი დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ პროკურატურას. 

მამა გიორგის უდანაშაულობის პრეზუმფციის და სხვა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს”, – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ.

ჟურნალისტების კითხვას, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მისი გვარი ჩვენებაში დაასახელა [ციანიდის საქმეზე] და სწორედ ამიტომ დაიბარეს პროკურატურაში, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

“ჩვენებაში გამოვრიცხავ იმიტომ, რომ არ მქონია მამა გიორგისთან. ერთადერთი მიმოწერა მქონდა მასთან, როდესაც პირველად 22 დეკემბერს იმედის ეთერში გამოვედი და ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა, მაშინ შემეხმიანა მამაო, მადლობა გადამიხადა და მეც დავლოცე პასუხად. სხვა შეხება არ მქონია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მღვდელმთავარი ასევე ამბობს, თუ პროკურატურა მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე სთხოვს ხელის მოწერას, არ დათანხმდება.

მიტროპოლიტი პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე. 28.02.17 © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე. 28.02.17 © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი