ახალი ამბები

ჩუგოშვილი: სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხი კონსტიტუციაში ჩასაწერი არ არის

28 თებერვალი, 2017 • 2909
ჩუგოშვილი: სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხი კონსტიტუციაში ჩასაწერი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხი კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს.

ასე უპასუხა ჩუგოშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაიწერება  თუ არა კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეამბულაში “სამართლებრივად და იურიდიულად” არ არის ადგილი იმ ორგანიზაციებზე ჩანაწერის შესახებ, რომლისკენაც  საქართველო ისწრაფვის.

ჩუგოშვილის თქმითვე, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

“ქვეყნის საგარეო კურსი არის ძალიან მყარი და უცვლელი, ეს არის დაფიქსირებული სხვადასხვა დოკუმენტებში, მათ შორის, ორპარტიულ რეზოლუციაში, რომელიც დეკემბერში იქნა მიღებული. კონსტიტუციაში, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხის დაფიქსირება, მით უმეტეს, პრეამბულაში. არ არის, ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციაში ჩასაწერი ნორმა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ სიმყარე აკლია ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ეს განცხადება დღეს, 28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომის შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი