ახალი ამბები

ადვოკატი: მიმაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა

24 თებერვალი, 2017 • 2272
ადვოკატი: მიმაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე შესაძლოა საფრთის წინაშეა. ადვოკატი ამ განცხადებას პროკურატურის დამოკიდებულებას უკავშირებს, რომელმაც რამდენიმედღიანი დაკითხვის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებული კვლავ არ დაკითხა:

“დაცვის მხარემ [ნიმუშების აღების შემდეგ] კატეგორიულად მოვთხოვეთ, რომ დაბრძანებულიყვნენ და მომხდარიყო მამა გიორგის დაკითხვა. იმათ ვაჭრობა დაგვიწყეს და ახსნა, რომ ახლა ძალიან გვიანია და მოდით, შევთანხმდეთ სხვა დროზე. ჩვენ ვუხსნიდით, თქვენ გამომძიებლები ხართ, თუ რას წარმოადგენთ?! ბრალდებულის ჩვენებას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მიუხედავად ჩვენი კატეგორიული მოთხოვნისა, დაუყოვნებლივ დაითხულიყო მამა გიორგი, რომელიც ასევე კატეგორიულად ითხოვდა დღესვე მომხდარიყო მისი დაკითხვა, [ეს არ მოხდა]”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ვინაიდან შაბათ-კვირას ადვოკატები თავად მოკლებულნი არიან მამა გიორგისთან შეხვედრის შესაძლებლობას, სახალხო დამცველს სთხოვენ, თავად ინახულოს ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე.  ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ქცევიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელობას არ ანიჭებს დეკანოზის დაკითხვის საკითხს, დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას.

“პრემიერს, პრეზიდენტს, მთავარ პროკურორს და მთელ საზოგადოებას მივმართავ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შაბათ-კვირა მოდის, მე, რა მოხდება, არ ვიცი. ასეთი უპასუხისმგებლობა გამოძიების მხრიდან არის ჩემთვის მიუღებელი. დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები, რომ ის ეჭვები, რაც გვაქვს, რომ მამა გიორგის შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, იყოს აღმოფხვრილი”,- განაცხადა მან.

იგი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს პროკურორი ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება. დღეს დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ნიმუშების აღება და ასეევე დეკანოზის დაკითხვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს, 24 თებერვალს დაკითხავს დეკანოზს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი