ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს

20 ნოემბერი, 2012 • • 1252
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს

აჰმედ ჩატაევის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი უდანაშაულოა და მის მიმართ წაყენებული ბრალდება მოწმეების – საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების ცრუ ჩვენებას ეყრდნობა.

 

ადამიანის უფელბათა ცენტრმა ასევე მოითხოვა ჩატაევისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

 

ჩატაევის ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ჩაუტარდა ფეხის ნაწილის ამპუტაცია და კვლავ ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია.

 

“მას ჭრილობა არ უხორცდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაკავებულს არ უტარდება სათანადო მკურნალობა”, – განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა. მისივე თქმით,  ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმ კატეგორიის, რის გამოც ის ექვემდებარება პატიმრობიდან გათავისუფლებას.

 

ჩატაევის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ჩატაევის უდანაშაულობას ამტკიცებს “კახეთის საინფორმაციო ცენტრისა” და “მეცხრე არხის” მიერ მომზადებული სიუჟტები, რომელთა მიხედვითაც ლაფანყურის სპეცოპერაციის მოწმე მესაზღვრეები ადასტურებენ, რომ ჩატაევს დაკავებისას არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია. ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება პროკურატურაში ჭიანურდება.

 

რამდენიმე კვირის წინ ჩატაევის ექსტრადიცია მოითხოვა რუსეთმა, რადგან ამ ქვეყანას მასზე ძებნა აქვს

ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა
ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა

გამოცხადებული. ნინო ანდრიაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად რა უპასუხა რუსეთს, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯაროდ გაანცხადა, რომ ჩატაევს რუსეთს არ გადასცემენ. ადვოკატის თქმით, ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგან მას ავსტრიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მთელ მსოფლიოში იცავს რუსი სამართალდამცავებისგან.

 

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ აჰმედ ჩატაევის ახლობლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პანკისში მცხოვრები ჩეჩნები დარწმუნებულები არიან მის უდანაშაულობაში და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვეაში აჰმედ ჩატაევი შეძლებს ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა.

 

აჰმედ ჩატაევი დააკავეს 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

 

ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს დუისის მოსახლეობა, რომლებმაც აღნიშნული მოთხოვნით 28 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი