ახალი ამბები

ადვოკატებმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე ისაუბრეს

20 ნოემბერი, 2012 • 1335
ადვოკატებმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე ისაუბრეს

2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურამ თავდაცვის მინისტრობის დროს ქრთამის აღების, ფულის გათეთრებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებების საფუძველზე დააკავა, თუმცა ოქრუაშვილმა მხოლოდ გულგრილობის ნაწილში აღიარა მისთვის წაყენებული ბრალი:

 

”ვაღიარებ მხოლოდ გულგრილობას, კერძოდ იმას, რომ ჩემდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას შესაძლოა არ გავუწიე ჯეროვანი კონტროლი”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა, რომელსაც  პროკურატურა ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობასაც ედავებოდა.

 

2007 წლის 9 ოქტომბერს ოქრუაშვილი პატიმრობიდან 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო იმავე წლის 1 ნოემბერს სასაქართველო დატოვა და ევროპაში გაემგზავრა.

 

2008 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და 11– წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

კიდევ ერთი ბრალდება ირაკლი ოქრუაშვილს 2011 წლის ზაფხულში წაუყენეს, როდესაც საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც გამოძიების ვერსიით “ქართულ პარტიასთან” (პარტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა დააფუძნა) იყო დაკავშირებული და გეგმავდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. შსს–ს მაშინდელი განცხადებით, ჯგუფს მაისის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ “ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში მყოფ რვა პირს, რომელთაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი”, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მოგვიანებით კი, 2011 წლის 28 ივნისს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და “ქართული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, რაც 6–დან 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წლის 30 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

 

ოქრუაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა და მაშინვე დააკავეს.

 

“მან ეს იცოდა, რომ ჩამოსვლის დროს დააპატიმრებდნენ, თუმცა მას ჰქონდა ჩამოსვლის ორი მოტივი: ის არ აპირებს სხვა ქვეყანაში დარჩეს სამუდამოდ და მეორე – ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართლიანი სასამართლოს იმედი გაუჩნდა, სადაც შეეცდება დაამტკიცოს თავისი სიმართლე”, – განაცხადეს ოქრუაშვილის ადვოკატებმა.

 

მათივე თქმით, ის არ აპირებს საპროცესო გარიგებაზე წასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი