ახალი ამბები | , , ,

დეკანოზის ადვოკატის თქმით, აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა დღეს დაიწყება

24 თებერვალი, 2017 | | 3850
დეკანოზის ადვოკატის თქმით, აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა დღეს დაიწყება

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარე დღეს, 15:00 საათზე, გამომძიებელს შეხვდება, რის შემდეგაც დაიწყება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა.

“დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, ველოდებით გამომძიებელს. მანამდე არც ექსპერტიზა დაიწყება, არც დაკითხვა და არაფერი, მარტივად რომ გითხრათ. დღეს, 15:00 საათზე, მოვა გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად, დაიწყება ექსპერტიზა და შემდეგ არის ალბათობა, რომ გამოძიებამ მოითხოვოს დეკანოზის დაკითხვა. თუ გამოძიება მოითხოვს დაკითხვას, ჩვენ მზად ვართ. გამომძიებელს რომ ვკითხეთ, თქვა, არ გამოვრიცხავ, რომ დაკითხვაც ვაწარმოოთ ექსპერტიზის შემდეგო. თუმცა ეს უკვე მათი ნაბიჯია… ჩვენ გადადგმული გვაქვს ეს ნაბიჯი და მზად ვართ,” – განუცხადა ნეტგაზეთს ფანცულაიამ.


გიორგი მამალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს პროკურატურა 23 თბერვალს დაუკავშირდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის საპატიმროში შესვლა უკვე შეუძლებელი იყო, ბრალდებულის დაკითხვა არ მომხდარა. ადვოკატის განცხადებით, პროცედურა შესაძლოა დღეს (24 თებერვალს) ჩატარდეს.


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი