ახალი ამბები

გიორგი ტუღუში: საპატრიარქოსთვის დეკანოზის საქმის მასალების გაცნობა ნორმალური არ არის

23 თებერვალი, 2017 • 7782
გიორგი ტუღუში: საპატრიარქოსთვის დეკანოზის საქმის მასალების გაცნობა ნორმალური არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები არასერიოზულია.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, დეკანოზის საქმის მასალების საპატრიარქოსთვის გაცნობა და მაღალჩინოსნების საპატრიარქოში ვიზიტი სამართალდამცავი სტრუქტურის ნდობას აკნინებს.

“ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, უნდა იჯდეს კანონის ფარგლებში. რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ, სულ ცოტა, არასერიოზულია. ეს პროცესი მთლიანად აკნინებს სამართალდამცავი სტრუქტურის ნდობას. ამ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, რაც დაუშვებელია. თუ რეალურად იძიებენ, ამ ყველაფერს რეალური გამოძიების სახე მისცენ. რასაც ბოლო დღეებში ვაკვირდებით, ნორმალური არ არის. საპატრიარქოში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მივიდეს, მაგრამ თუ საკითხი გამოძიებას ეხება, ნებისმიერი ქმედება მკაცრად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამისობაში უნდა იყოს,” – აცხადებს ტუღუში.

მისივე აზრით, ამ პროცესის დაწყების დღიდან პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებები სანდოობას კი არ განაპირობებს, არამედ ადამიანს საერთოდ უკარგავს ამ საქმის გამოძიების მიმართ ნდობას.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი