ახალი ამბები

მარიკაშვილი: დეკანოზის ბრალეულობა პროკურატურამ სასამართლოს უნდა უმტკიცოს და არა – საპატრიარქოს

23 თებერვალი, 2017 • 4011
მარიკაშვილი: დეკანოზის ბრალეულობა პროკურატურამ სასამართლოს უნდა უმტკიცოს და არა – საპატრიარქოს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პროკურატურა მამალაძის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს არა სასამართლოში, არამედ საპატრიარქოში – მაღალი იერარქიის სასულიერო პირების წინაშე.

იურისტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროკურატურის თვითმიზანი პირის დასჯა კი არ უნდა იყოს, არამედ მხარი უნდა დაუჭიროს სისხლის სამართლის საქმის სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების გზით სასამართლოში  სახელმწიფო ბრალდებას და ამტკიცოს პირის ბრალეულობა.

“არსებული მდგომარეობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურა მამალაძის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს არა სასამართლოში – მოსამართლეთა ან ნაფიც მსაჯულთა, არამედ საპატრიარქოში – მაღალი იერარქიის სასულიერო პირების წინაშე. თუ პროკურატურა თვლის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, ამის მტკიცების ერთადერთი ინსტანცია უნდა იყოს საქართველოს საერთო სასამართლოები”, – მიაჩნია იურისტს.

მარიკაშვილის აზრით, ეს საქმე კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სეკულარიზმის  დეფიციტს და ამ დეფიციტის უარყოფით შედეგებს სახელმწიფოს მმართველობის პროცესში. მისი შეფასებით, არსებული სიტუაცია საგანგაშო სიგნალია იმისთვის, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს დომინანტური რელიგიური ორგანიზაციის გავლენის ზრდა ხელისუფლებაზე ადამიანის უფლებების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდებულის უფლებებისა და მართლმსაჯულების ეფექტურად რელიზების კუთხით.

“პროკურატურა გადის სამართლებრივი და სეკულარული სახელმწიფოს ორგანიზაციის ფარგლებიდან და, ამავდროულად, საზოგადოებაში სამართლიანად აჩენს ეჭვს, როგორც საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ისე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არაჯანსაღი ურთიერთობის ფორმის არსებობის თაობაზე”, – აცხადებს მარიკაშვილი.

მარიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის განხორციელებისას დამოუკიდებელია და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებითა და მოქმედი კანონმდებლობით. არავინ არ არის უფლებამოსილი, მთავარ პროკურორს მოსთხოვოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი