ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობდა შოთა ხიზანიშვილის სასამართლო პროცესი

18 ნოემბერი, 2012 • • 2599
როგორ მიმდინარეობდა შოთა ხიზანიშვილის სასამართლო პროცესი

პროცესი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ  დარბაზში შეკრებილებს ხიზანიშვილისა და ლელუაშვილის მიმართ წაყენებული მუხლების შინაარსის გაცნობით დაიწყო.

შოთა ხიზანიშვილს, რომელიც ა.წ. 15 ნოემბერს დააკავეს, ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას.

რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს, მას ბრალი 5 მუხლით აქვს წაყენებული: 158–ე–კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284–ე–კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285–ე–კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, 333–ე– სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და 187–ე –სხვისი ქონების განზრახ დაზიანება. 

 

სასამართლო პროცესეზე ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალდებაში არ მიიჩნევს. განსხვავებით ვაჟა ლელუაშვილისგან, რომელიც ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება.

 

ვაჟა ლელუაშვილი ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება– იმ მუხლების მიხედვით, სადაც საუბარია სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაზე, სამსახურეობრივი  უფლებამოსილების გადამეტებასა და კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევაზე. 

პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ პროკურორები: გიორგი შაშიაშვილი და პაატა ჯაველიძე. მათ შუამდგომლობა ხიზანიშვილისთვის და ლელუაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გულისხობდა.

ხიზანიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების მიზეზი, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ის გახლავთ, რომ მას აქვს კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ. კონკრეტულად კი, საქართველოდან წასული დათა ახალაია და მეგის ქარდავა ახსენეს. ბრალდების მხარის თქმით, შესაძლოა შოთა ხიზანიშვილმა ეს პერიოდი ქვეყნის დასატოვებლად გამოიყენოს. გარდა ამისა, პროკურატურის არგუმენტებს წარმოადგენდა “ხიზანიშვილის კარგი ფინანსური მდგომარეობაც” და მისი მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის ალბათობა.

ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა საბაშვილმა ბრალდების მხარეს ჰკიხთა, არსებობს თუ არა საქმის მასალებში ხიზანიშვილის ფინანსური შესაძლებლობების ამსახველი დოკუმენტი, რაზეც მან პროკურატურისგან პასუხად მიიღო, რომ მისი არსებობა არ არის საჭირო, რადგან ხიზანიშვილი თანამდებობის პირია და მისი ქონებრივი დეკლარაცია საჯაროა. დაცვის მხარემ ასევე დასვა შეკითხვა, არსებობს თუ არა ფაქტი იმის შესახებ, რომ ხიზანიშვილს დაპატიმრებამდე მოწმეებთან რაიმე კონტაქტი ჰქონდა და არიან თუ არა აღნიშნული მოწმეები თავისუფლებაში, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლება მოწმეები კიდევ გამოიკვეთოს.

ლელუაშვილის ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ პროკურორებს კითხვით მიმართა, თუ რატომ აღარ ფიგურირებს ლელუაშვილის საქმეში 159–ე მუხლი, რომლითაც მას დაკავების ოქმის მიხედვით ბრალი წარედგინა.

“დაკავების ოქმში 159-ე მუხლი ფიგურირებდა, რატომ გაქრა ეს მუხლი?”–აღნიშნულ შეკითხვას პროკურორებმა მცირე დუმილის შემდეგ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მუშაობისას ბრალი დაზუსტდა და მუხლი შეიცვალა.

კითხვა–პასუხის რეჟიმის დროს მოსამართლემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეებმა არ უნდა აფიქრებინონ სასამართლოს, რომ ისინი საქმის დეტალებს არ იცნობენ. პროკურორის შეკითხვაზე, თუ ვისი მისამართით გააკეთა აღნიშნული შეფასება მოსამართლემ, მერაბ ჯორბენამ პასუხი არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ეს ზოგადი შეფასება იყო.

ხიზანიშვილის დაცვის მხარემ ასევე გააკეთა ახსნა–განმარტება, თუ რატომ არ ეთანხმებ პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ხიზანიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისთვის არსებობს სხვადასხვა მიზეზები, ესენია: ბრალდებულის მიმალვა, მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლა და ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა.

 

ადვოკატის განმარტებით, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან, როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ხიზანიშვილი თავისით გამოცხადდა პროკურატურაში, ხოლო ის საკითხი, რომ დათა ახალაია და მეგის ქარდავა საზღვარგარეთ არიან, არ შეიძლება გახდეს ხიზანიშვილის დაკავების საფუძველი:

 

“ნახევარი საქართველო წასულია საზღვარგარეთ, შეიძლება ვინმე შოთას ნათესავიცაა და ამიტომ ხიზანიშვილი ციხეში უნდა იჯდეს? მთავარი ისაა, რომ საზღვრები დაცულია და მარტივად ვერ დატოვებს ქვეყანას” –განაცხადა ადვოკატმა.

 

რაც შეეხება მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის არგუმენტს, ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე დაკავებულია და ხიზანიშვილის დაპატიმრებით უფრო შეიქმნება აღნიშნული საფრთხე, ვიდრე მისი გარეთ დატოვებით. პროკურატურის არგუმენტს გამოძიების მიმდინარეობასთან და ახალი მოწმეების შესაძლო გამოკვეთასთან დაკავშირებით ჭაბაშვილმა უპასუხა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რაც დღეს ხდება და არსებული გარემოებებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

 

“მერეზე, მერე შევიკრიბოთ”– განაცხადა მან.

 

შოთა ხიზანიშვილს პირად თავდებში ჩაუდგა თბილისი მერი გიგი უგულავა, რაც გულისხმობს, რომ გიგი უგულავა იქნებოდა პასუხისმგებელი ხიზანიშვილის გამოცხადებაზე და იმ შემთხვევაში, თუ ხიზანიშვილი წესების დაცვით არ იმოქმედებდა, უგულავა ჯარიმას 1000–5000 ლარის ოდენობით გადაიხდიდა. ეს მოვალეობები თბილისის მერს პროცესზევე განემარტა. ხიზანიშვილის სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდა შსს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილიც.

 

გიგი უგულავას პირადი თავდებობის, შეთავაზებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს და დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შოთა ხიზანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილისაც. მისი დაცვის მხარე 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შუამდგომლობას აყენებდა.

 

შოთა ხიზანიშვილის და ვაჟა ლელუაშვილის წინასასამართლო პროცესი 8 იანვარსაა ჩანიშნული. ხიზანიშვილის ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილი განცხადებით, ორმოცდარვა საათში გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

 

მამუკა ჭაბაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში სასამართლო პროცესი შეაფასა:

 

“პროკურატურას ყოველთვის უჭირს ამის დასაბუთება, თუ კაცს არ წაასწრეს საზღვარზე გაადასვლისას, როგორ უნდა იმკითხაო, რომ შეიძლება გაიქცეს. არ გარბის, თავისი ფეხით მოვიდა, როცა დაუძახეს, შესაბამისად, არგუმენტები ნაკლები აქვთ.”.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება, მან აღნიშნა, რომ სასამართლომ და მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას:

 

“ყველამ ცალსახად დაინახა, რა უსუსური იყო ბრალდება, თვითონ საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული, ის ცდილობს ნამუსი მოიწმინდოს და საკუთარ კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ ის მათ არ უსმენდა. მე მის კოლეგებს მოვუწოდებ, დაგუგლონ “რასისკი კრედიტი” და ნახავენ, რომ ეს მისი მართვის მეთოდია, ერთმანეთის მოსმენა და ჩაშვება. საქმის არსებითი განხილვა 2-3 თვეში დაიწყება და ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს, ამის წინააღმდეგი არავინ არაა. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ხიზანიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების, ყველამ კარგად იცის, მათ შორის ჟურნლისტებმაც, რომ არანაირ ოპერატიულ საქმიანობას ის სამინისტროში არ აწარმოებდა. ეს დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, უკავშირდება ვანო მერაბიშილს, მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო 7 წლის განმავლობაში, მიკავშირდება ასევე მე, რაგან ბოლო ერთი თვის მანძილზე შოთა ხიზანიშვილი ჩემი მოადგილეა, ასე წარმატებით გააგრძელონ მუშაობა”–განაცხადა უგულავამ.

 

შოთა ხიზანიშვილის და ვაჟა ლელუაშვილის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 8 იანვარსაა ჩანიშნული.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი