ახალი ამბები

გიორგი ყავლაშვილი აღიარებს, რომ განზრახ აზიანებდნენ ივანიშვილის კომპანიების ელექტროტექნიკას

16 ნოემბერი, 2012 •
გიორგი ყავლაშვილი აღიარებს, რომ განზრახ აზიანებდნენ ივანიშვილის კომპანიების ელექტროტექნიკას

“დაახლოებით 15 წუთში მოვიდა ზაალ მაისურაძე, რომელმაც გააღო თავის სამუშაო ოთახი, რომელიც მდებარეობს ჩემი ოთახის წინ, შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ რა ხდებოდა, მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა და შესულიყო ლევანთან. მაშინვე გაბრუნდა უკან მაისურაძე და შევიდა ლევანთან. იქედან როდის გამოვიდა, ან რა დავალება მიიღო მაისურაძემ, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან მე ვიყავი ჩემს ოთახში და იყო გვიანი ღამე. რაც შეეხება ბოჭორიშვილს, იგი როდის მოვიდა, ან რა დავალება მიიღო, ესეც ჩემთვის უცნობია”, – წერს ყავლაშვილი ჩვენებაში.

 

 

ჩვენებაში ყავლაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ იმ დღეს ლევან ქარდავას კაბინეტში იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, “ვინაიდან შოთას ავტომანქანა იდგა ეზოში და დარწმუნებული ვიყავი, რომ შოთა იქნებოდა ქარდავასთან. ამ რწმენას ისიც მიმყარებს, რომ რაც ბაჩო ახალაია წავიდა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, ცოტა უნდობლობა გაჩნდა ლევანის მიმართ, რადგან ლევან ქარდავა სწორედ ბაჩო ახალაიას დანიშნული იყო. ვინაიდან უნდობლობამ იჩინა თავი, ამიტომ მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ხშირად იყო ხოლმე ლევანთან. ჩემი აზრით, იგი სწორედ ამ ხერხით ცდილობდა ქარდავას საქმიანობის კონტროლს.”  

 

 

ყავლაშვილი ჩვენებაში წერს, რომ ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, არ იცნობს და მასთან პირადად არანაირი სახის ოპერატიული ღონისძიება არ გაუტარებია.

 

“არც ლევან ქარდავას, არც ვახტანგ ბოჭორიშვილს და არც ზაალ მაისურაძეს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მე არანაირი შეხება არ მაქვს ოპერატიულ ტექნიკურ სამსახურთან (IT სამსახური) და მათი რაიმე კონკრეტული საქმიანობის შესახებ არაფერი არ ვიცი. ეს სამსახური პირდაპირ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში იყო და, შესაბამისად, ანგარიშვალდებულნიც მათ წინაშე იყვნენ.”

 

გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში ყვება, თუ როგორ ახდენდნენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთების კონტროლს საბაჟოზე:

 

“საერთოდ ჩვენ მიერ ოქტომბრამდეც და მის შემდეგაც იყო მიცემული დავალება, რომ საბაჟოზე მკაცრად გაკონტროლებულიყო რაიმე მოსასმენი აპარატურის, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო საგნების ან ნივთების შემოტანა, ხოლო მას შემდგომ, რაც 2011 წლის 05 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკური განცხადება მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მე ჩემი უშუალო ხელმძღვანელისაგან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისაგან, ვაჟა ლელუაშვილისაგან მივიღე დავალება, რომ ბ. ივანიშვილის სახელთან და „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეცნობებინა ჩვენთვის.”

 

მისივე თქმით, ამავე პერიოდში ვაჟა ლელუაშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდა თავად ის, გ.უ. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი კოტარია და საბაჟოდან ორი ხელმძღვანელი პირი – ზ.ც და გ.ბ.

 

“თათბირზე ვ. ლილუაშვილმა მოგვცა ანალოგიური დავალება. ასევე გვითხრა, რომ ზემოაღნიშნული ფირმების შემოტანილი ელექტროაპარატურა უნდა დაზიანებულიყო, რითაც დროში გაიწელებოდა ის პროცესები, რისთვისაც აღნიშნული აპარატურა იყო განკუთვნილი, კერძოდ: მიტინგებისა და აქციების გამართვისათვის, ტელევიზიის ამუშავებისათვის. თავიდანვე ვ. ლელუაშვილისაგან მითითება იყო, რომ ტექნიკა ისე უნდა დაგვეზიანებინა, რომ საბოლოოდ არ გამოსულიყო მწყობრიდან და შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა-შეკეთება. ტექნიკურად თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტექნიკის დაზიანება, მე არ ვიცი.  ეს საკითხი დაევალა კოტარიას. შემდგომში, როდესაც საბაჟოდან გ.უ-სთან მოდიოდა ინფორმაცია აღნიშნული ტვირთების საბაჟოზე შემოსვლის შესახებ, იგი საქმის ყურში მაყენებდა მე, მე ჩემი მხრივ ვახსენებდი ვ. ლელუაშვილს, ხოლო მისგან დადებითი პასუხის ანუ ტვირთის დაზიანების შესახებ მიღებული დავალების შემდგომ მე ვეუბნებოდი აღნიშნულზე გ.უ-ს, რომელიც თავის მხრივ თვითონ მიდიოდა ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში და საბაჟოზე მიყავდა ის ოპერატიულ ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე.” 

 

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ იმ ოპერატიულ ტექნიკური თანამშრომლების გვარები, რომელებიც გ.უ-ს მიყვებოდნენ საბაჟო ტერმინალზე ელექტროტექნიკის დასაზიანებლად, ჩემთვის უცნობია. 

 

კითხვაზე – თუ ვისგან მოდიოდა ზემოაღნიშნული დავალება, გიორგი ყავლაშვილი პასუხობს, რომ ლელუაშვილი ამ დავალებას მიიღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორისაგან – დათა ახალაიასგან, მაგრამ ვერც ახალაია მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად:

 

“ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, როგორც წესი, უფრო ზედა ეშელონებში. სულ რამდენჯერ მოხდა ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული ფირმების ელექტროტექნიკის დაზიანება. არ მახსოვს. მაგრამ აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლის გაზაფხულიდან ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მას შემდეგ, რაც ელექტროტექნიკის შემოტანა დაიწყო უკვე ამერიკულმა ფირმა „აპკო ვორლდვაიდ ინკორპოიტედის“ მიერ, და ქვეყანაში უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია ელექტროტექნიკის დაზიანების თემამ, მე და გ.უ-მ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორღაც შეგვეჩერებინა ეს პროცესები (ელექტროტექნიკის დაზიანება). რის შემდგომაც მე უშუალოდ აღნიშნული საკითხი შევუთანხმე იმ პერიოდისათვის ჩვენი დეპარტამენტის დირექტორს ლევან ქარდავას, რომელმაც იმ დღესვე დადებითად გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი და გვითხრა, რომ აღარ მომხდარიყო საბაჟოზე არც ტვირთების შეფერხება და არც დაზიანება.”

 

შეგახსენებთ, გიორგი ყავლაშვილი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავა, ესენია სსკ 187-ე მუხლი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი