ახალი ამბები

კუდ-ის მაღალჩინოსნების საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიგურირებს

16 ნოემბერი, 2012 • 1241
კუდ-ის მაღალჩინოსნების საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიგურირებს

კბილაშვილის თქმით, შსს-ს კუდ-ის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ– მომხმარებლების კომპიუტერში შეღწევა.

 

მთავარი პროკურორის განცხადებით, შექმნილი პროგრამის მიხედვით, კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა პოლიტიკური პარტიების და რელიგიური ჯგუფების ინტერნეტთვალთვალს.

 

“მაგალითად, მათ შეაღწიეს ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საზღვარგარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში”, – აცხადებს კბილაშვილი.

 

მისივე თქმით, სწორედ ამ გზით მოახერხეს კუდ-ის თანამშრომლებმა უკანონო საუბრების ჩანაწერების მოპოვება.

 

არჩილ კბილაშვილის აცხადებს, რომ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების მაკომპრომატებელი მასალების მოპოვება.

 

“ბექა კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და დისკი 2012 წლის 26 სექტემბერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში”, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

 

მისივე თქმით, მეორე დღეს ის დაუკავშირდა კვარაცხელიას და უთხრა, რომ შეარჩია მასალები და ეს მასალები ისე გაევრცელებინათ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის – ბესარიონ სურმავას მიერ იყო გავრცელებული.

 

კბილაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ მოხდა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა “იუთუბზე” სურმავას “ექაუნთით”:

 

“კუდის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა, რის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი წესით მოხდა 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს ქართული ოცნების სხვადასხვა წევრთა საუბრების გამოქვეყნება, რომელიც ხდებოდა შოთა ხიზანიშვილის მითითებით”. 

 

გამოძიების ინფორმაციით, ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეჩანაწერით მისი შანტაჟირება. იმისათვის, რომ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომატებელი ვიდეომასალები არ გამოქვეყნებულიყო, სურმავა დათანხმდა, კუდის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისი სახელით გაესაღებინა, – ამბობს კბილაშვილი.

 

მისივე თქმით, 27 სექტემბერს კუდ-ის თანამშრომლებმა მოდულის შენობაში გადაიყვანეს სურმავა და ხიზანიშვილის დავალებით წახალისების მიზნით მისთვის 100 ათასი დოლარი უნდა შეეთავაზებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილს.

 

“საბოლოოდ, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ მას გასამრჯელოს სახით 150,000 ევრო გადაუხადეს. ეს ფული ბესიკ სურმავას გადაეცა მოდულის შენობაში და საამისოდ გამოყენებულ იქნა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა. ამის შემდეგ ბესარიონ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეოკამერის წინ გამოთქვა”, – აცხადებს კბილაშვილი.

 

ამის შემდეგ, კბილაშვილის თქმით, სურმავა აჭარაში გადაიყვანეს, სადაც მას რამოდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება.

 

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, დაკავებულ პირთა ჩვენებიდან, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეცნობებინათ კუდ-ის ხელმძღვანელობისთვის ბიძინა ივანიშვილის კომპანიების ტვირთების შემოსვლის შესახებ, რის შემდეგაც ხდებოდა შემოტანილი ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა.

 

კბილაშვილის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად 15 ნოემბერს დააკავეს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა (სსკ 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა  და 333-ე მუხლები – თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი (სსკ 187-ე – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი (სსკ 143-ე, 157-ე – პირადი  ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა და 333-ე მუხლები),   კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე (სსკ 158-ე – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284-ე -კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285-ე – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და 333-ე მუხლებით), შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთ ხიზანიშვილი (სსკ 333-ე მუხლი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი (სსკ 159-ე მუხლი – პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა).

 

ასევე, დაკავებული არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი (158-ე მუხლი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები),  შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები).

 

რაც შეეხება, ეკატერინე ზღულაძეს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში შს მინისტრი იყო, მთავარი პროკურორის განმარტებით, დაკითხული არ არის. 

 

პროკურატურა მათ ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. კბილაშვილის თქმით, ყველა მათგანის მიმართ არ იქნება მოთხოვნილი პატიმრობის სანქცია აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიება კვლავაც გრძელდება და ამის შემდეგ გამოიკვეთება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი