ამ დროისთვის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი; შსს-ს ოპერატიული-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ კოტარია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები დავით ლაღაძე და ვაჟა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას პროკურატურამ კუდ-ის 9 მაღალჩინოსანი დააკავა, მათგან ამ დროისთვის სამის ვინაობაა ცნობილი. ესენი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი.
ყავლაშვილს გამოძიება ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სხვისი საკუთრებაში განადგურებაში; ქარდავას – ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ხოლო ჯამალაშვილს – უკანონო მოსმენებში.
ცნობილია აღნიშნული საქმეების ორი ეპიზოდი – ერთი – ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის – ბესო სურმავას გაუჩინარებას ეხება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მისი სახელითა და გვარით იუთუბზე აიტვირთა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების მაკომპრომატირებელი მასალები (ფარული აუდიო ჩანაწერები), ხოლო მეორე – “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ქონების დაზიანებას საბაჟო ტერმინალზე.