ახალი ამბები

პროკურატურამ ჯაშუშობაში დადანაშაულებულ კიღურაძის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

21 თებერვალი, 2017 • 3304
პროკურატურამ ჯაშუშობაში დადანაშაულებულ კიღურაძის განაჩენის  გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

გენერალურმა პროკურატურამ ახლად გამოვლენილ  გარემოებათა გამო ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ ბაკურ კიღურაძის  განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 21 თებერვალს გაავრცელა.

კიღურაძე, რომელიც ხელისუფლების თანხმობით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებდა,   2010 წელს დააკავეს, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

კიღურაძის საქმე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო – თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წელს იგი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა და ეს განაჩენი ყველა შემდგომმა ინსტანციამ უცვლელი დატოვა.

კიღურაძის საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. მისმა ადვოკატებმა 2012 წელს სტარასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი ისე შეიტანეს, რომ საქმის მასალები არ ჰქონდათ – ადვოკატებს საქმის ასლების გადაღების უფლება არ მისცეს. ამასთანავე, საქმის გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი.

“მაშინ გამოძიება ბაკურ კიღურაძეს ედავებოდა, რომ  თითქოს ის 2002 წელს, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით, სხვა მეცნიერ-მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ  სამეცნიერო ნაშრომს ქმნიდა და  საკუთარ საცხოვრებელ სახლში  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა”, – აღნიშნულია 21 თებერვალს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე “ხელახალი,  სრულყოფილი და ობიექტური” გამოძიება ჩაატარა, რომლის შედეგად “გამოირიცხა მსჯავრდებული პირის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ის გასამართლდა”.

2017 წელს ჩატარებული გამოძიების მიხედვით, “ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა”:

“ კერძოდ, საპატიმრო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 1 კვირის მანძილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტპატიმრის ჯაშუშობაში მამხილებელ მთავარ მოწმეზე, რის შედეგადაც მოწმეს ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საიდუმლო მასალა, რომელიც ბაკურ კიღურაძის საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ჩხრეკის ჩატარებამდე 1 დღით ადრე  ე.წ. ,,მოდულის“ შენობაში ინახებოდა და ამ მასალის მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით, დაკავების წინა დღით დაწყებული იყო მისი თარგმნა”, – აცხადებს პროკურატურა.

ხელახლა ჩატარებული გამოძიებაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად, პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

სტრასბურგის სასამართლოს კიღურაძის საჩივართან დაკავშირებით  საქართველოს ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიუმართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი