სამართალი

გასაჩივრებული ჯაშუშობა

26 დეკემბერი, 2011 • 3335
გასაჩივრებული ჯაშუშობა

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე არ აღიარებს დანაშაულს და აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მანამდე კი ციხიდან აგზავნის წერილს, რომელშიც საკუთარ თავს “სააკაშვილის ხადარკოვსკის” უწოდებს. წერილში, პრეზიდენტის გარდა, ახსენებს მის ბიზნესპარტნიორსა და თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს, რომელიც, კიღურაძის თქმით, მას ზურაბ ადეიშვილთან უწევდა ლობირებას. ლეკიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კიღურაძის პროექტი ზურაბ ადეიშვილს მაშინ მიუტანა, როცა ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ბაკურ კიღურაძე
ბაკურ კიღურაძე

კიღურაძის საქმე ქართულ სასამართლოში

ბაკურ კიღურაძის საქმემ ქართული სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა.  ბიზნესმენი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სამართალდამცავებმა 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის მარტში გაასამართლეს.  თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სსკ-ს 314-ე მუხლის 1 ნაწილით (ჯაშუშობა) და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვა ყველა ზემდგომმა ინსტანციამ. 12-ტომიან საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი. მთავარი ნივთმტკიცებები კი განადგურებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ბაკურ კიღურაძის შესახებ დაკავებიდან სამი თვის შემდეგ გაავრცელა –  2010 წლის 5 ნოემბერს –  როცა საზოგადოებას ოპერაცია “ენვერის”  შესახებ შეატყობინა. ამ დღეს სამინისტრომ მოსახლეობას 15 პირის შესახებ ამცნო, რომელთაც ბრალი ჯაშუშობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ბაკურ კიღურაძეც. სამართალდამცავებს არ უთქვამთ, რომ ის რამდენიმე თვით ადრე დააკავეს. ამასთან, როგორც ოჯახი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, კიღურაძის საქმეს “ენვერთან” შეხება არ აქვს. “ენვერის”  მონაწილეების თაობაზე არც სასამართლო განაჩენშია რამე ნახსენები.

ბაკურ კიღურაძის მეუღლე ქეთი გოგილაშვილი ამბობს, რომ “ენვერში”  მისი ქმრის მოხსენიებამ ააღელვა და ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, არ ენერვიულა, რადგან “ეს მხოლოდ პიარისთვის არისო”. ყავლაშვილი კიღურაძის ადვოკატად ოჯახმა ნიკო ლეკიშვილის რჩევით აიყვანა. ლეკიშვილი კიღურაძის ბიზნესპარტნიორია კომპანია “ნიბა ინვესტში”. მოგვიანებით ოჯახმა ადვოკატი შეცვალა.

შსს-ს მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, კიღურაძეს ბრალი ედებოდა გრუ-სთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. განაჩენის მიხედვით, კიღურაძე საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს გადასცემდა.

“2002 წლიდან ბ. კიღურაძე სისტემატურ კავშირზე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებთან და დავალების შესაბამისად, აგროვებდა და გადასცემდა მათ ინტერნეტითა და გამოძიების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელი არხების საშუალებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს და სხვა სახის ინფორმაციას. კერძოდ: ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში მობილიზაციის ჩატარების გეგმებს, საბრძოლო და რაოდენობრივი ზრდის გრაფიკებს, ასევე, სხვა საიდუმლო ინფორმაციებს, რასთან დაკავშირებითაც მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით გადასცემდა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურს”, –  წერია განაჩენში.

კიღურაძეს, მისი სტატუსიდან გამომდინარე (ის ბიზნესმენია), ასეთ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ უნდა ჰქონოდა. დაცვის მხარე და თავად კიღურაძე მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში ფალსიფიცირებულს უწოდებს გამოძიების ორ მთავარ ნივთმტკიცებას: კიღურაძის ლეპტოპში აღმოჩენილ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს და სიმბარათს, სადაც, გამოძიების მტკიცებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები აღმოაჩინეს.

ლეპტოპი სამართალდაცავებმა კიღურაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, თავად კი კომპანია “ნიბა ინვესტის” ოფისში დააკავეს. ლეპტოპის ამოღებას კიღურაძის მეუღლე ესწრებოდა. ქეთი გოგილაშვილის თქმით, როცა ოჯახისა და ბაკურ კიღურაძის ნოუთბუქები ამოიღეს, მან გამომძიებლებს უთხრა, რომ თითოეული ფაილის სახელწოდებას ამოიწერდა: “ერთმანეთს გადახედეს. მერე ჩემმა შვილმა მითხრა, ესენი აქედან წასვლას არ აპირებენ და მოაწერე ხელი, ბაკურს რომ მივუსწროო”.

საბოლოოდ, გოგილაშვილმა ჩხრეკის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ გამომძიებლებს ნოუთბუქები არ გაუხსნიათ და არც დაულუქავთ. სწორედ კიღურაძის ამ ლეპტოპში აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო საიდუმლოებაა, დაცვის მხარის მტკიცებით კი, ფაილი კომპიუტერში შემდეგში ჩატვირთეს.

მეორე ნივთმტკიცება –  მობილურის სიმბარათი, სამართალდაცავებმა კიღურაძის ოფისში ამოიღეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ეს სიმბარათი არ ეკუთვნოდა კიღურაძეს და ადამიანს, რომელზეც რეგისტრირებულია იგი, სამოქალაქო რეესტრშიც კი ვერ მიაკვლიეს. სასამართლოს მტკიცებით, ამ ნომერს 2010 წლის მაისიდან კიღურაძის დაკავებამდე აკონტროლებდნენ. “მაგთის” ინფორმაციით კი მტკიცდება, რომ კიღურაძეს ამ ნომერზე ეკონტაქტებოდნენ რუსეთიდან და მისგან დავალების შესრულებას მოითხოვდნენ. სიმბარათზე ხუთი სმს-ია აღმოჩენილი.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ეს სიმბარათი კიღურაძეს ჩაუდეს, რაც საქმეში არსებული ჩხრეკის ვიდეომასალით დასტურდება. თუმცა ეს ორივე  ნივთმტკიცება, სასამართლო განაჩენის მიხედვით, უნდა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. განაჩენი ქართული სასამართლოს მიხედვით უკვე ძალაშია, შესაბამისად, სავარაუდოდ, ისინი განადგურებული უნდა იყოს.

გლობალიზაციის ინსტიტუტი

კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც კიღურაძეს უყენებენ, გლობალიზაციის ინსტიტუტია, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, კიღურაძემ 2002 წელს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბა.
ინსტიტუტში მუშაობდა ვახტანგ მაისაიაც, ქართველი ექსპერტი, რომელიც სამართალდამცავებმა, ასევე, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და რომლის საქმეც, ასევე, გასაიდუმლოებულია. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გამოძიებას არ დაუდგენია, კიღურაძე ვლადიმერ პუტინის მრჩეველ დუგინს მაისაიას დახმარებით უკავშირდებოდა, თუ პირადად.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ინსტიტუტის კვლევებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა იმას, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, პრეტენზია უნდა განეცხადებინა ნეიტრალიტეტზე და ყველა სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა წარემართა, როგოც ნეიტრალურ სახელმწიფოს. საბრალდებო დასკვნის მიხედვითვე, ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა. კიღურაძე რუსეთის დაზვერვის დავალებით ინსტიტუტის ნაშრომებს ინტერპრეტაციას უკეთებდა და აგზავნიდა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებთან.

სასამართლო ამ ნაწილში ეყრდნობა მოწმე ბ.ო-ს ჩვენებას, რომელიც მუშაობდა გლობალიზაციის ინსტიტუტში, მანამდე კი, ორი ათეული წელი – საქართველოს უშიშროების სამინისტროში.

“ნეტგაზეთისთვის” ცნობილია, რომ თავდაპირველად მოწმემ გამოძიებას ჩვენება მაშინ მისცა, როცა ის პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა შემდგომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბ.ო-მ უარი განუცხადა “ნეტგაზეთს”, მოეთხრო მისი დაკავებისა და გათავისუფლების, ასევე, პირვანდელი ჩვენების შესახებ. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება არ შეიძლებოდა გამხდარიყო სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.

საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ კონცეფციაზე თეორიული მუშაობა არ ისჯება, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის თეორიული იდეა რომც ჰქონოდა კიღურაძეს, ეს დანაშაული არ არის. თანაც, დაცვის მხარის ინფორმაციით, ბ.ო-ის მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავდება.  კიღურაძის მტკიცებით, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბ.ო. ამტკიცებდა, რომ კიღურაძე ხშირად დადიოდა მოსკოვში და იქიდან ფინანსურად მომძლავრებული ჩამოდიოდა.

კიღურაძის ადვოკატებმა საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ კიღურაძე 2002-2004 წლებში არ ყოფილა რუსეთში. მან ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი ერთხელ გადაკვეთა –  2004 წელს, როცა იმყოფებოდა პარიზში.
სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით კიღურაძე ახლა აპირებს მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურორს, საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით,  ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო.

საჩივარი სტრასბურგის სასამართლოსთვის

კიღურაძე აპირებს, საჩივრით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ოჯახმა დაიქირავა ორი ცნობილი ადვოკატი –  იოსებ ბარათაშვილი და სანდრო ბარამიძე, რომელთაც სტარსბურგში არაერთი საჩივარი აქვთ გაგზავნილი.

საჩივრის დაწერის პროცესი ჭიანურდება, რადგან ადვოკატები საქმეს ჯერ არ გასცნობიან. ამაში მათ ხელს ის უშლის, რომ საქმე საიდუმლოა და იმ უწყებისგან, სადაც გასაიდუმლოებული საქმე ინახება, ნათელი პასუხი ვერ მიიღეს.

ადვოკატებს საქმის გაცნობის უფლება მისცეს, თუმცა იოსებ ბარათაშვილს ის აინტერესებს, არის თუ არა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ევროპის სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში იმ ფაქტების და მტკიცებულებების მოხმობა, რაც საქმეშია. ასევე, გასაიდუმლოებული ინფორმაციის შემცველი საჩივრის დაზღვეული ფოსტით გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.

კიღურაძის საიდუმლო საქმე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ინახება.

ბარათაშვილის თქმით, კანონში ეს საკითხი განმარტებული არ არის და ამიტომ, თუ ამაზე ზუსტი პასუხი არ ექნებათ, არ არის გამორიცხული, ადვოკატების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, საიდუმლო საქმის გამჟღავნების გამო.

ბარათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისგან მიიღო პასუხი, რომ კანონის განმარტება სასამართლოს კომპეტენცია არ არის. თუმცა ადვოკატი მიუთითებს, რომ მას კითხვებზე პასუხი აინტერესებს არა როგორც მოსამართლისგან, არამედ როგორც იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, სადაც საიდუმლო საქმე ინახება.

თუკი ადვოკატები კვლავ  ვერ მიიღებენ ნათელ პასუხს, აპირებენ, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაავალდებულოს. ადვოკატები არ აპირებენ, ხელიდან გაუშვან სტრასბურგში საჩივრის წარდგენის ექვსთვიანი ვადა.

კიღურაძის ბიზნესი და დაპატიმრება

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული  ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე ციხიდან აგზავნის წერილს, რომელშიც მის დაკავებას ბიზნესს უკავშირებს და საკუთარ თავს “სააკაშვილის ხადარკოვსკის” უწოდებს.

კიღურაძემ კომპანია “ნიბა ინვესტი”  2004 წელს მაშინდელი გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილთან ერთად დააფუძნა. ისინი კომპანიის 50-50%-ან წილებს ფლობენ.

კომპანია თბილისში ახორციელებდა მრავალმილიონიან დეველოპერულ პროექტს –  “ნიბა დელისს”. კიღურაძე მის დაკავებას სწორედ ამ პროექტიდან მისი გაძევების მცდელობას უკავშირებს.

კიღურაძე ციხიდან გამოგზავნილ მრავალგვერდიან წერილში თავისი ბიზნესის ისტორიას აღწერს და წერს, რომ ნიკო ლეკიშვილს მთავრობასთან ურთიერთობის მოგვარება ევალებოდა. “ნიბა დელისის”  პროექტი მთავრობასთან, კერძოდ, ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრთან მან შეათანხმა.

ნიკო ლეკიშვილმა “კვირის რეპორტაჟთან” კატეგორიულად უარყო ზურაბ ადეიშვილის ამ პროექტთან რაიმე კავშირი, თუმცა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც იმჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მიუტანა “ნიბა დელისის” პროექტი და ადმინისტრაციაში ის მოიწონეს.

რა ბედი ეწია ამის შემდეგ მრავალმილიონიან პროექტს, რა მდგომარეობაშია ახლა ბიზნესი მას შემდეგ, რაც პროექტის ავტორი ჯაშუშობის ბრალდებით ციხეში ზის და ვისი დავალებით გამოიტანა ბიზნესმენმა კიღურაძემ “ბიპის” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი – ამაზე მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ.

თავად კიღურაძე თავის წერილში წერს:

“ხელიდან გაშვებული ყოველი დღე, ციხეში უსამართლოდ გატარებული ყოველი საათი  და მიყენებული ზიანი ბიზნეს საქმიანობაზე, არ მინდა, ხვალ იქცეს ჩემი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილად”.

ჯაშუშობის მუხლით გასამართლებული კიღურაძის საქმე ბიუჯეტისთვის ხარჯი იმ შემთხვევაში გახდება, თუკი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში მოიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი