კომენტარი

წერილი ციხიდან

16 დეკემბერი, 2012 • 2056
წერილი ციხიდან
ესაა ამონარიდი პატიმარ ბაკურ კიღურაძის წერილიდან, რომელიც მან სასჯეაღსრულების დაწესებულებიდან გამოაგზვანა. კიღურაძე    სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდის და  მალე დატოვებს ციხეს, როგორც პოლიტპატიმარი. 
გთავაზობთ მის მიმართვას სრულად: 
 
ქალბატონებო და ბატონებო!

ამ წერილით მივმართავ მათ, ვინც ქვეყნის გარედან, პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული წერილების საშუალებით საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას კოჰაბიტაციისკენ მოუწოდებს, მოძღვრავს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ცივილიზებული სამყაროს ქცევის ნორმებზე და ამ მოწოდების სასარგებლოდ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოჰყავს; ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს ქვეყნის შიგნით, რომლებიც ამ წერილებით აღტკინებულნი ცდილობენ შთაგვაგონონ რომ დასავლეთი „დემოკრატიისთვის წამებული“ პრეზიდენტი სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობის უპირობო მხარდამჭერია. 

 
 
კარგად მოგეხსენებათ, კოჰაბიტაცია მხოლოდ თანასწორად ღირსეულთა შორის არის შესაძლებელი, რის ნიმუშსაც საფრანგეთი წარმოადგენს. 
 
ჩვენი მთავრობა ისევ ჩვენ ვართ, რამეთუ ჭეშმარიტად ჩვენი რჩეულია და ჩვენს საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს; შესაბამისად, კრიტიკა და შენიშვნა მათ მიმართ, ნიშნავს კრიტიკასა და შენიშვნას ჩვენთვის. კრიტიკოსებო, მაშ მეც მასწავლეთ, როგორ ვიმოქმედო იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც თქვენ ასე მძლავრად იცავთ, ვინც აბსოლუტურად მერკანტილური მიზნებითა და ინტერესებით მრავალწლიანი პატიმრობა მომისაჯა სამშობლოს ღალატისთვის უხეშად შეთხზული ბრალდებით. პოლიტპატიმრების შესახებ ევროპარლამენტის ცნობილი გადაწყვეტილების წყალობით, უფლებადამცველთა მიერ პოლიტპატიმრად ვიქენ ცნობილი და ვიმედოვნებ, რომ საპყრობილის კედლებს მალე დავტოვებ.
 
თავისუფლება დიდი განძია, მაგრამ რა ვუყოთ პატივს და ღირსებას, რომელნიც შემილანძღეს და გამითელეს, როგორ აღვიდგინო ეს დაკარგული საგანძური, როგორ დავიცვა თავი, რას მთავაზობთ, რას მიკარნახებთ, როგორ უნდა მოვიქცე კოჰაბიტაციის შემოთავაზებულ პირობებში, უარი ვთქვა სარჩელზე ჩემს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებსა და უკანონო პატიმრობის განმხორციელებელთა წინააღმდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის თაოსნობით და დავივიწყო ყოველივე, რაც გადამხდა და რასაც შევეწირე? თუ მთავრობას საჩივრით მივმართო და მისგან ადეკვატური ქმედება, ანუ აღნიშნულ ბატონთა დასჯა მოვითხოვო? მაგრამ ეს ხომ არ ეწერება კოჰაპიტაციის თქვენეულ აღქმაში და შემოთავაზებულ პირობებში და თქვენს გაათკეცებულ კრიტიკას გამოიწვევს.
 
მაშ, როგორ მოვიქცე?
 
ფორმირებადი ახალი სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს უჭირთ დაიჯერონ, რომ სააკაშვილის ფსევდო-მოდერნული ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალური დაჯგუფება, რომლისთვისაც არ არის უცხო სხვისი ქონების უკანონო მითვისება, ტერორი, ცრუ ბრალდებანი, მკვლელობა, უკანონო პატიმრობა, კორუფცია და ყველა სხვა, თუკი რამ შესაძლოა ადამიანმა იკადროს. 
ყოველივე ამ სიბოროტეს ეს ადამიანები თქვენს წინაშე მანკიერი თეატრალური ნიღბებით შემოსილნი და თავისუფლების დროშის ფრიალით სჩადიოდნენ, კავკასიაში ერთადერთ მებრძოლ რაინდებად წარმოჩინდებოდნენ და ყველა დანარჩენი უმეცრებად და გუშინდელ დღეში ჩარჩენილებად ისახებოდნენ. მათ, ვინც ამ ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ შესცქეროდა, როგორც „მზარდ საინტერესო მასალას“ და „დასაყრდენს“ კავკასიურ გზაჯვარედინზე, უნდა იცოდნენ, რომ რეალობაში ეს ძალა მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფებაა, აღვსილი ფეოდალური არქაული სეპარატისტული სიხარბით, რომლისთვისაც უცხოა: სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, პიროვნების ღირსება და პატივი და რომელნიც მხოლოდ მომხვეჭელური ინსტინქტებით ქმედებენ „დაუფლებული“ სივრცეების ექსპლუატაციისთვის. 
 
ჩემი მომართვის ბოლოს, კვლავ გისვავთ კითხვას, როგორ მოვიქცე? რას მირჩევთ? ჩვენს რჩეულ, თუმცა თქვენგან სასწრაფო წესით გაკრიტიკებულ მთავრობას რეაბილიტაციისთვის, სახელის, ღირსებისა და პატივის აღდგენისა და დამნაშავეთა დასჯისათვის მივმართო, თუ კოჰაბიტაციისაკენ მოვუწოდო. 
 
იმედს გამოვთქვავ, რომ ჩემი ეს მიმართვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყურადღების საგანიც გახდება, მათ შორის ამერიკის ელჩის, ბატონ რიჩარდ ნორლანდის, რადგანაც სწორედ მათ აკისრიათ ურთულესი და საპასუხისმგებლო ფუნქცია მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ცვლილებებს ქვეყანაში და დანარჩენ მსოფლიოს ამცნონ მართალი სიტყვა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 
 
მოუთმენლად ველი მათ რჩევას და დარიგებას, რამეთუ არა მხოლოდ მე მჭირდება პასუხი დასმულ კითხვებზე, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განწირულ და გამწარებულ უკანონო და პოლიტპატიმართა მრავალათასიან არმიას და მათთან ერთად მთელს საქართველოს, რამეთუ ჩვენს გზას, ჩვენს მომავალს უნივერსალურ აბსოლუტურ ღირებულებათა მატარებელ დასავლურ კულტურასთან ერთად ვგეგმავთ და ვისწრაფვით. 

თქვენი გულითადი რეკომენდაციების
მოლოდინში და საუკეთესო სურვილებით
ს.ა.დ. #6 დაწესებულებაში მყოფი
სინდისის პატიმრის სტატუსით, ბაკურ კიღურაძე

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი