სამართალი

ჯაშუშობაში ბრალდებულის საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ

30 მარტი, 2012 •
ჯაშუშობაში ბრალდებულის საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა.

მომჩივანი აცხადებს, რომ  მოპასუხე სახელმწიფოს [საქართველოს] მიერ მის მიმართ განხორციელებული ზომები წარმოადგენს გამოვლინებას იმ “ჯაშუშომანიისა”, რომელსაც ბოლო წლებში მოპასუხე სახელმწიფო, საქართველო ამჟღავნებს. ამის მაგალითად მომჩივანს მოჰყავს ვახტანგ მაისაიას საქმე, ე.წ. “ენვერის” საქმე, ფოტორეპორტიორების საქმე და სხვა.

ბაკურ კიღურაძე
ბაკურ კიღურაძე

მომჩივანი ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძეა, რომელიც მაღალჩინოსნების თანხმობით ძვირადღირებულ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებდა, ახლა კი ჯაშუშობის ბრალდებით იხდის სასჯელს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ის სამართალდამცავებმა 2010 წლის ინვისში დააკავეს, ხოლო 2011 წლის მარტში გაასამართლეს და 9– წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  მან არც ერთ ინსტანციაში არ აღიარა დანაშაული, 2011 წლის მიწურულს მთავარ პროკურატურას მიმართა, რომ საქმე კვლავ დაებრუნებინათ წარმოებაში, თუმცა არ დააბრუნეს. კიღურაძის ადვოკატებმა– იოსებ ბარათაშვილმა და ალექსანდრე ბარამიძემ –ისე დაწერეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ საქმის მასალები არ უნახავთ.

კიღურაძის საქმეს მთლიანად სახელმწიფო საიდუმლოს გრიფი ადევს.
ადვოკატებს, რომლებსაც საჩივარი ევროსასამართლოსათვის უნდა მოემზადებინათ, ქართულ სასამართლოებში არ იცავდნენ კიღურაძის უფლებებს, შესაბამისად, საჩივრის მოსამზადებლად მათ სასამართლოს საქმის მასალების გაცნობა და იმის განმარტება თხოვეს, არის თუ არა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ევროპის სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში იმ ფაქტების და მტკიცებულებების მოხმობა, რაც საქმეშია.

ადვოკატებმა ქართული მხარისგან ვერანაირი ნათელი პასუხი ვერ მიიღეს, მათ შორის   პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგანაც. ამიტომაც საჩივარი ისე დაწერეს, რომ დოკუმენტებს არ გაცნობიან, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ასეთ პირობებში მომზადებული საჩივარი, როცა მათ ხელი არ მიუწვდებოდათ არსებულ დოკუმენტებზე, რომლებითაც შეიძლება დამტკიცდეს საჩივარში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ საჩივარს შეიძლება გამოეცალოს ყოველგვარი აზრი და ევროპულ სასამართლოსაც ხელი შეეშლება საჩივრის ჩვეულებრივი პროცედურის შესაბამისად განხილვაში.

ამ გარემოებიდან გამომდინარე  მომჩივან კიღურაძეს და მის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ  საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საბაბით, არ აძლევს საშუალებას ქმედითად და ეფექტიანად განახორციელონ მომჩივანის უფლება, რომელსაც უზრუნველყოფს კონვენციის 34-ე მუხლი.

მომჩივანი მიმართავს მოპასუხე სახელმწიფოს, გადასცეს  ბაკურ კიღურაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, რათა ამ მასალების საფუძველზე შეძლონ ამ საჩივარში აღწერილი დარღვევების სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთება. ევროსასამართლოს თხოვენ, რომ ასეთი მოთხოვნა საქართველოს გაუგზავნოს მანამდე, სანამ სასამართლო მოპასუხე სახელმწიფოს გაუგზავნის საჩივარს და თანდართულ მასალებს და ითხოვს მისგან საპასუხო ახსნა-განმარტებებს საჩივართან დაკავშირებით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ კონვენცის 34-ე მუხლის გარდა, საქართველოს სახელმწიფომ  მის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6, მე-8  და მე-10 მუხლები.

მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მიხედვით ამ თავისუფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”

მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი აცხადებს, რომ კანონი, რომლითაც იგი მსჯავრდებულად ცნეს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილი, მეტისმეტად ბუნდოვანია იმისათვის, რომ მომჩივანს შესძლებოდა, წინასწარ განეჭვრიტა მისი ქცევის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. მომჩივანი, როგორც მეცნიერი და კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩაბმული იყო გეოპოლიტიკურ კვლევებში, რომლებიც შესაძლოა ვინმეს მოსწონდა, ან არ მოსწონდა, მაგრამ მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ასეთი კვლევების წარმოებისათვის იგი სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა.

მომჩივანი აცხადებს, რომ  ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრი და არათანაზომიერი სასჯელია ქმედებისათვის, რომელიც განახორციელა მომჩივანმა. იგი მხოლოდ გეოპოლიტიკურ კვლევებს აწარმოებდა. ასეთ მკაცრ და არათანაზომიერ სასჯელს ასევე შეეძლო გამოეწვია მსუსხავი ეფექტი ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული. ამიტომაც მიაჩნია კიღურაძეს, რომ ეს “ჯაშუშომანიის” გამოვლინებაა.

კიღურაძემ 2002 წელს დააარსა გლობალიზაციის ინსტიტუტი, რომელიც, მომჩივანის განცხადებით, გეოპოლიტიკურ კვლევებზე მუშაობდა, თუმცა საქართველო ამტკიცებს, რომ კიღურაძემ ეს ინსტიტუტი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის დავალებით ჩამოაყალიბა.  კიღურაძის საქმეზე ქართულ სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გამოძიებას არ დაუდგენია, კიღურაძე ვლადიმერ პუტინის მრჩეველ დუგინს პირადად უკავშირდებოდა, თუ პროფესორ მაისაიას დახმარებით, რომელიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. კიღურაძის მოთხოვნის მიუხედავად, მაიასაია გამოძიებამ არ დაკითხა.

კიღურაძე თავის წერილში, რომლითაც პროკურატურას გამოძიებაში დაბრუნების თხოვნით მიმართა, ბევრ ასეთ დეტალზე ყვება, რომელიც გამოძიებას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია. ამიტომაც მიაჩნია რომ მის მიმართ საქართველომ ასევე დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საქმის სამართლიან და საჯარო განხილვის უფლებას ითვალისწინებს.

მომჩივანი კიდევ ერთი, მე-8 მუხლის დარღვევას ედავება სახელმწიფოს, რადგან თვლის, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ მეცათ საშუალება გაესაჩივრებინათ მის საცხოვრებელსა და სამუშაო ადგილას ჩატარებული ჩხრეკისას შელახული უფლებები.

ბიზნესმენი და აკადემიკოსი ბაკურ კიღურაძე მეორე ჯაშუშობით გასამართლებული პატიმარია, რომელიც სტრასბურგში ჩივის. პირველად საჩივარი პროფესორმა მაისაიამ შეიტანა.

ამავე თემაზე:

გასაჩივრებული ჯაშუშობა

მასალების გადაბეჭდვის წესი