ახალი ამბები

პროკურატურა შსს-ს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

15 ნოემბერი, 2012 •
პროკურატურა შსს-ს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 ნოემბერს მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს  რამდენიმე  თანამდებობის  პირი დააკავეს, ამ დროისთვის მხოლოდ ორი მათგანის ვინაობაა ცნობილი, ესენი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთლიანობაში დაკავებულია შსს-ს 9 თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ.

 

“როგორც ჩანს, ეს იყო ჯგუფი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებდა იმისთვის, რომ ხელყოფილიყო ადამიანების პირადი ცხოვრება. შსს ახორციელებდა მოსმენებს და ინფორმაციის გატანას,”- განაცხადა წულუკიანმა. 

 

ქარდავასა და ყავლაშვილის ადვოკატების ცნობით, კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსს გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დარღვევაში ედავება და მისი საქმე უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის – ბესო სურმავას გაუჩიანარების ფაქტს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც იუთუბზე მისი სახელითა და გვარით აიტვირთა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ლიდერების მაკომპრომატებელი აუდიომასალები (მათი საუბრების ფარული ჩანაწერები).

 

რაც შეეხება ყავლაშვილს, მისი ადვოკატის თქმით, მასაც სისხლის სამართლის ორი მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვისი ქონების განადგურება) დარღვევაში ადანაშაულებენ და იგი უკავშირდება “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ქონების დაზიანება-განადგურებას საბაჟო ტერმინალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი