ახალი ამბები

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან სწავლის საფასურის გაძვირების შესახებ

14 ნოემბერი, 2012 • • 1724
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან სწავლის საფასურის გაძვირების შესახებ

თქვენი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ამბობთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასური უნდა გაძვირდეს და აღნიშნავთ, რომ ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ბანკიდან სესხის სახით თუ ოჯახიდან, ეს სხვა თემაა. “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება ხელმისწავდომი განათლებაა, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის სწავლის საფასურის გაძვირება დაპირებასთან?


ჩვენ მიმდინარე მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გავაორმაგეთ ის თანხა, რომელსაც სტუდენტები უმაღლესში წაიღებენ. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სტუდენტებს ექნებათ ორჯერ უკეთესი განათლება და პროფესურას ორჯერ უკეთესი პირობები. ამ სტრატეგიის ფარგლებში მიგვაჩნია, რომ ხელმისაწვდომობაც და ხარისხიც გავაორმაგეთ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ უკვე მივაღწიეთ შედეგებს, ამის თაობაზე უკვე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა თავის გამოსვლაში, როდესაც ბიუჯეტის ახალ პრიორიტეტებზე საუბრობდა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით ინტერპრეტაციებზე, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ხელმისწვდომობაზე და ხარისხზე და ეს ნაბიჯები ჩვენ გადავდგით ხელისუფლების  დაგეგმილი საბიუჯეტო პარამეტრების ფარგლებშიც კი.


გაორმაგებული ფინანსები გულიხსმობს იმას, რომ თუ დაახლოებით 4000 სტუდენტზე გაიცემოდა სახელმწიფო გრანტი, ახლა 8000–ზე გაიცემა?


არ ვიცი, ეს განსჯის საკითხია, ჩვენ მოვახერხეთ თანხის გაორმაგება, ახლა უნდა გავიაროთ ეს საკითხი უნივერსიტეტის რექტორებთან, საინტერესო იქნება მეცნიერების აკადემიის მოსაზრებები, სხვა ექსპერტების მოსაზრებები, რომ ეს თანხა ორჯერ მეტ ადამიანს მივცეთ, თუ თითოეულ ადამიანზე გავაორმაგოთ თანხა და 5000 გავხადოთ. თანხის გაორმაგებით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ უკეთეს განათლებას და უფრო ხელმისაწვდომს გავხდით მას, თუმცა მაინც სასაცილოა ეს თანხა. ჩემი აზრით, ბევრად მეტი უნდა მისცეს სახელმწიფომ თითოეულ სტუდენტს.


თქვენს ინტერვიუს უკვე გამოეხმაურნენ და აღნიშნავენ, რომ მიდგომა უსამართლოა და მხოლოდ ნაწილისთვის ხდება ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება. რა პასუხს გასცემთ ამას?


და რას მთავაზობენ, რომ 1000 ლარი მივცეთ სტუდენტებს?


არა – პირიქით, უფრო მეტი ადამიანისთვის იყო სწავლა ხელმისაწვდომი…


უფასო განათლება ბუნებაში არ არსებობს, ხარისხიანი განათლება არის ძვირფასი პროდუქტი, რომელშიც იმედია, რომ სახელმწიფო ინვესტიციას განახორციელებს. თუ ვინმე თეორიას ჩამომიყალიბებს, განათლების სისტემა არსებობდეს ფინანსების გარეშე, ყველა საქმეს გადავდებ და მაგ თეორიას მოვისმენ. მწირი რესურსების მქონე ქვეყნის განათლების მინისტრისთვის ეს არის პერპეტუუმ–მობილეს გამოგონება. დიდი სიამოვნებით მოვისმენ, როგორ უნდა მიაღწიო უფასო განათლებას იმის გარეშე, რომ სახელმწიფომ ჩადოს ამაში რესურსი. მეც მინდა უფასო განათლება. როდესაც საქართველოს ეკონომიკა იქნება იმ დონეზე, კი არ გააორმაგოს, არამედ გაასამმაგოს, ან გააასმაგოს დაფინანსება ამ მიმართულებით, ალბათ მაგ მომენტში იქნება უფასო განათლება. ჯერჯერობით, რაც ჩვენ შევძელით 3 კვირის განმავლობაში, ეს თანხა გავაორმაგეთ. 2250 ლარის ნაცვლად 5000 ლარს ვაპირებთ, რომ მივცეთ.


იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან საგრანტო სიაში, მოუწევს 5000 ლარის გადახდა 2250 ლარის ნაცვლად და ასეთი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე დაფინანსებული სტუდენტი…


მე არ ვიცი, უნივერსიტეტები რა პოლიტიკას დაადგებიან, ეს არის კითხვა რექტორებთან და არა ჩემთან. ჩემთან არის კითხვა – მე რა სახელმწიფოებრივი რესურსის მოძიება შემიძლია ამ მიმართულებით. აქ არის ორი პოლიტიკა: ერთი – უნივერსიტეტს დაუწესო, რომ მეტი გადასახადი არ დააწესოს, თუ ვინმე ჩემგან ელის, რომ უნივერსტეტს ვეტყვი, რომ 1000 ლარში მიეცი განათლება და ამას დირექტივის სახით ვეტყვი უნივერსიტეტს, გარანტიას გაძლევთ, რომ ორჯერ უფრო ნაკლები ხელფასი ექნება ლექტორს და ორჯერ უფრო გაფუჭდება განათლება. მეტი ფული მივეცი უნივერსიტეტებს, ვინ მაკრიტიკებს ამისთვის?!


სწავლის საფასური რომ იგივე დაგეტოვებინათ და ორჯერ გაზრდილი თანხა მეტი რაოდენობის აბიტურიენტის დასაფინანსებლად მიგემართათ, ამ ვარიანტზე თუ იმსჯელეთ?


ეს შესაძლებელია, რომ განვიხილოთ, 3000 მივცეთ, 4000-ზე ავიყვანოთ ლიმიტი და მეტზე გადავანაწილოთ,  როგორ გავაკეთოთ, ეს სხვა დეტალებია, რამდენ ადამიანზე გადაანაწილოთ ეს ფული. თუ ჩვენ უმაღლეს განათლებაში მეტ ფულს არ მივმართავთ და ნაკლებ ფულს მივცემთ, გავაუარესებთ უმაღლეს განათლებას. ვის შეუძლია მითხრას მე, რომ ფული ნაკლები მივცე უმაღლესებს და ამით უკეთესი განათლება იქნება?! რა თეორია დგას ამის უკან? ვებერი და მილი არ დგას ამის უკან, ალბათ მარქსის საფუძველზე დგას ეს თეორია. მაინტერესებს, დეტალურად ვესაუბრო ყველას და გამიზიარონ მათი შეხედულებები, მაინტერესებს, როგორ აპირებენ ხარისხის გაუმჯობესებას ნაკლები ფულის მიმართვით, საინტერესო თეორიაა, დაახლოებით ისეთი, რომ ნაკლებ ფულს გადაუხდით პროფესორებს და უკეთეს ლექციებს წაუკითხავენ.


მეტი ფულის მიმართვისთვის არ გაკრიტიკებენ, საუბარია იმაზე, რომ მიმართული ფული არა სწავლის გაძვირებას, არამედ მეტი სტუდენტის დაფინანსებას მოხმარდეს.


ეს არის კონკრეტული თეორია და ამ საკითხთან მიმართებაში უნდა დასხდენენ განათლების ექსპერტები, თავად სტუდენტებიც და იმსჯელონ. აშშ–ში 40 000 დოლარი ღირს უმაღლესი განათლება, სადაც ყველაფერი რიგზეა, საქართველოში როგორ უნდა მისცე იგივე ხარისხის განათლება 4000 ლარში, თუ ვინმე ამას მასწავლის, დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას.

 

როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, გაორმაგებული თანხები როგორ გადანაწილდება?

ჩვენ მივეცით პარამეტრები ფინანსთა სამინისტროს, ჩვენ დიდი მიღწევად მიგვაჩნია ოპტიმიზაციის შედეგად რომ გავაორმაგეთ ფული.

გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი