ახალი ამბები

ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების დეტალები

13 ნოემბერი, 2012 • 1250
ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების დეტალები

კბილაშვილის განმარტებით, საქმე შეეხება 2010 წლის 16 თებერვალს მომხდარ ფაქტს.

 

“გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17– მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, 2-3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად იყო თავდაცვის მინისტრი, მითითებული პირები ქალაქ თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სამხედრო პირებთან ერთად დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღაებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე.”

 

როგორც კბილაშვილი აცხადებს, ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ისინი ბაჩანა ახალაიას ბრძანებით გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში.

 

“ამის შემდეგ, ახლაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეებს დაუყენეს გუშაგები, ჩაკეტეს აბანოში, გამოურთეს გათბობა და ასე ამყოფეს ისინი 3 ღამისა და 3 დღის განმავლობაში, 2010 წლის 20 თებერვლამდე. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.  თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში კარისკაცებს მინიმუმ 36 საათით არ ჰქონდათ საკვები და იმყოფებოდნენ გაუსაძლის სიცივეში. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ცივი მეტლახის ფილებზე ეძინათ.”

 

მთავარი პროკურორის განაცხადით, ამ ქმედებით ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 7– დან 10 წლამდე და 144 მუხლის პრიმა, რაც ითვალისწინებს სასჯელს 9– დან 15 წლამდე.

 

გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ასევე დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ აკრძალულია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. 

 

“გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, ჩაიდინა 333 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაული და ითვალისწინებს სასჯელს 5– დან 8 წლამდე. წარედგინა ბრალდება გუშინ ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევაში, ისევე როგორც გიორგი კალანდაძეს,”- განაცხადა კბილაშვილმა.

 

ახალაიასა და კალანდაძეს აღნიშნული ბრალდებები 19 –ივე დაზარალებულის ჩვენებითა და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით წარედგინათ.

 

აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მათ მიმართ შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი