ახალი ამბები

ალასანია: არ არსებობს ორხელისუფლებიანობის პრობლემა საქართველოში

12 ნოემბერი, 2012 • 1069
ალასანია: არ არსებობს ორხელისუფლებიანობის პრობლემა საქართველოში

მისივე თქმით, დღეს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება ნატოს სამხედრო კომიტეტის თბილისში ვიზიტის გადადების თაობაზე, რაც გამოიწვია მასპინძლის – გაერთიანებული შტაბის უფროსის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა (შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა).

 

“ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება და აუცილებლად განახლდება საუბარი ამ ვიზიტზე ჩემი ბრიუსელში ვიზიტის დროს”, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს ბრიუსელში 14 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვდება.

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ შეხვედრის წარმატებას ხელს ვერ შეუშლის დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის. აღნიშნული შეხვედრა პრაღაში შედგა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.

 

“ის ლეგიტიმაცია, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, შეუდარებლად მაღალია, ვიდრე ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ხელისუფალი საქართჳელოში, არ არსებობს ორხელისუფლებიანობის პრობლემა საქართველოში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

“მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ”.

 

ირაკლი ალასანიას თქმით, არ დატოვებს არანაირ შანსს იმისთვის, რომ საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში ორხელისუფლებიანობა დამყარდეს.

 

საქართველოს კანონმდებლობით გაერთიანებული შტაბის უფროსს სწორედ პრეზიდენტი ნიშნავს, რომელმაც ეს საქმე გენერალ გიორგი კალანდაძეს არჩევნების შემდეგ უკვე 2-ჯერ ანდო, მათ შორის მისი დაკავებისა და გირაოთი გათავისუფლების შემდეგაც. თუმცა კალანდაძეს უფლებამოსილება პროკურატორის მოთხოვნის შემდეგ შეუჩერა სასამართლოს.

 

ირაკლი ალასანიას განცხადებით, კალანდაძეც და სხვებიც უდანაშაულოები არიან, სანამ სასამართლო და გამოძიება არ დაადასტურებს საპირისპიროს.

 

“მე ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რომ ასეთი მაღალი რანგის სამხედრო  პირი გირაოთი გამოუშვა. გამოძიება გაგრძელდება, გამოძიებისგან და მართლმსაჯულებისგან იმუნიტეტი არავის აქვს, მაგრამ ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას”.

 

ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების (ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა) სისხლის სამართლის საქმეზე არანაირ კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. მან ასევე არ უპასუხა თავად ბაჩო ახალაიასა და როლანდ ახალაიას ბრალდებებს მის წინააღმდეგ. ბაჩო ახალაიას თქმით, ირაკლი ალასანია მას უსაფუძვლოდ სდებდა ბრალს სამეგრელოში სამხედრო შეიარაღებული ჯგუფების შექმნაშიც, ხოლო როლანდ ახალაიას თქმით, ალასანია მას უგზავნიდა კრიმინალებს ზეწოლის მიზნით, რომ ახალაიას დაეთმო მისთვის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში.

 

“ღიმილის მომგვრელია ეს ბრალდება. თურმე ოპოზიცია აშინებდა, ეს აბსურდია”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადებები ტელეკომპანია “მე-9 არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ კითხვაში” ჩართვის დროს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი