ახალი ამბები

ჯანდიერი: ქართული მხარე რუსეთისათვის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს

12 ნოემბერი, 2012 • 1218
ჯანდიერი: ქართული მხარე რუსეთისათვის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს

დავით ჯანდიერის თქმით, ჩატაევის გადმოცემა საქართველოსათვის უკრაინიდან განხორციელდა, თუმცა მანამდე ჩატაევის გადაცემის მოთხოვნით უკრაინას  რუსეთის ფედერაციამ მიმართა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნით მიმართა უკრაინის ხელისუფლებას,  არ გადაეცა ჩატაევი რუსეთის ფედერაციისათვის, თუმცა  ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტმა წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იმის შესახებ, იქნა თუ არა უკრაინის მთავრობისათვის მოთხოვნილი ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციის გადაცემისგან თავის შეკავება. 

 

ახმედ  ჩატაევს ავსტრიის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი. 

 

ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს  დოკუმენტაციის მომზადება რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საპასუხოდ. თუმცა ჩატაევის ექსტრადიცია ქართული მხარის მიერ  არ განხორციელდება.

 

ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ახმედ ჩატაევს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმედ ჩატაევის დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ჩატაევი დაჭრილი იყო. იგი ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

 

ახმედ ჩატაევი უკრაინაში ორი წლის წინ დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა. ჩატაევს რუსეთში ტერორიზმსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი