ახალი ამბები

სერგო თეთრაძის გამო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიდა

12 ნოემბერი, 2012 • • 1418
სერგო თეთრაძის გამო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიდა

საქმე ეხება დავით ლონდარიძის ჩვენებას, რომლის საფუძველზეც  სერგო თეთრაძე დაპატიმრეს.  დავით  ლონდარიძის ადვოკატის განმარტებით, ლონდარიძეს თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს. მისი თქმით, ეს მოხდა 2011 წლის 17 სექტებერს  მეგის ქარდავას კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია და მათი ზეწოლისა და წამების შედეგად ლონდარიძემ თავის ტვინის ტრავმა მიღო და იგი  სასჯელაღსრულების სისტემაში ტელევიზიების შეშვებას და მის ხელახალ დაკითხვას ითხოვს.

 

შეგახსენებთ, რომ თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი  სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. 

 

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს იგი. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

 

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს  პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა, რომ იგი ციხეში წამებით იქნა მოკლული. ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

 

გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, ბრიუსელიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში  20 სექტემბერს განაცხადა, რომ სერგო თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს:

 

“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს.  მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის საქმეს დაკავებამდე გამოეხმაურა,  რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან აღნშნა:

 

“ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მე, რაც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, გულის შეტევით, მე მჯერა ოფიციალური ვერსიის. ხალხი ამბობდა, რომ მოკლეს, ჩამოახრჩვეს, ფაქტები არ დაიმალება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი