ახალი ამბები

ირმა ჭკადუა: დეკანოზის საქმეში შემთხვევით აღმოჩენილი მოწმე ვარ

16 თებერვალი, 2017 • 3242
ირმა ჭკადუა: დეკანოზის საქმეში შემთხვევით აღმოჩენილი მოწმე ვარ

ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ამავდროულად არის საპროკურორო საბჭოს წევრი (საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს), ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მოწმეა. ჭკადუას თქმით, ის დეკანოზს არ იცნობს, საქმეში შემთხვევითი მოწმეა და მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ადვოკატის თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

“გამოვიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვარ მოწმე. საერთოდ, არ ვიცნობ დეკანოზ მამა გიორგის. სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი მოწმე ვარ, ჩემს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილიყო” – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


როკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი