ახალი ამბები

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრებად ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა აირჩია

27 ოქტომბერი, 2015 • 1681
პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრებად ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა აირჩია

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს სამ კანდიდატს, ირმა ჭკადუას, ლავრენტი მაღლაკელიძესა და პოლიკარპე მონიავას შორის უნდა აერჩია 2 კანდიდატი. 


პარლამენტში კენჭისყრაზე ლავრენტი მაღლაკელიძის კანდიდატურას მხარი 21–მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ადვოკატ ირმა ჭკადუას კანდიდატურას მხარი 82–მა დეპუტატმა დაუჭირა (0 წინააღმდეგი), პოლიკარპე მონიავას კანდიდატურას კი 81–მა დეპუტატმა (0 წინააღმდეგი).

 

როგორ პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამჟამად პოლიკარპე მონიავა სასწავლო უნივერსიტეტ “ევროპული აკადემიის” პროფესორია და იგი საბჭოს წევრის პოზიციაზე სწორედ უნივერსიტეტმა წარადგინა. 2011 წლის მაისიდან დღემდე ის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტია. 2008-2010 წლებში კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის იურიდიული განყოფილების უფროსი იყო. 2005-2007 წლებში – ტრანსპორტის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საავტომობილო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


 

1980 წლიდან პოლიკარპე მონიავა პროკურატურაში მუშაობდა, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზეც. კერძოდ, 2001 წელს ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, 2002–2004 წლებში კი – სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი.

 

ირმა ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრის პოზიციაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარადგინა. ჭკადუა 2001 წლიდან ადვოკატად მუშაობს. 2013 წლიდან ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. 2003-2004 წლებში ის თბილისის საკრებულოს ადმაინის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი იყო.


20-21 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არჩეულია საპროკურორო საბჭოს ერთი წევრი ეკა ბესელია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 23 ოქტომბერს დაასახელა. ხოლო ვაკანტურად ერთი ადგილი რჩება და ამ პოსტზე კანდიდატი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაასახელონ. საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებს. 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები. საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა. 

 

 

საბჭოს თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი. 8 წევრს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია; 2 წევრი არის პარლამენტარი – ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორეს – იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში.

 

2 წევრს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან; 2 წევრს კი ირჩევს საქართველოს პარლამენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი