ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე განსაკუთრებით ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას – ომბუდსმენი

14 თებერვალი, 2017 • 3607
დეკანოზი გიორგი მამალაძე განსაკუთრებით ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დეკანოზი ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს დაცული. ცალკე, მე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, ძალიან ბევრი დეტალია ამ საქმეში. ნანუაშვილი ერთ-ერთ პროცედურულ დარღვევად ასახელებს შემდეგს:

“თუნდაც დაკავების დროს მას არ მიეცა ზარის განხორციელების შესაძლებლობა. პროცედურული უფლებები, რომელიც ყველა ბრალდებულს გააჩნია…

… არის საკითხები, რომელიც ეხება გაკვეულ პროცედურულ დარღვევებს. სახალხო დამცველი ჩაერთვება იმისთვის, რომ დეტალურად შევისწავლოთ საქმე,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

“ის ამბობს, რომ არის უდანაშაულო და სიმართლის დადგენაში [დახმარებას] თხოვს ყველას, მათ შორის, ჩვენც.”
კითხვაზე, არის იმის ალბათობა, რომ დაკავებულის ოჯახს ემუქრებოდეს საფრთხე, ომბუდსმენი ამბობს: “მე გადმოგეცით, უბრალოდ, მისი დანაბარები. ის ითხოვს განსაკუთრებით მისი ოჯახის უსაფრთხოებას.””მით უმეტეს, ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ და ვიხილეთ ყველამ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები,” – ამბობს ნანუაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი