ახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გაზპრომზე ენმ-ის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

16 თებერვალი, 2017 • 2364
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გაზპრომზე ენმ-ის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მომზადებულ  რეზოლუციის პროექტს „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებით საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა. მისივე განმარტებით, ენმ სასამართლოს მიმართავს, რათა ხელისუფლებამ კონტრაქტი გაასაჯაროოს:

“ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად. როცა ხელშეკრულება გასაჯაროვდება და ხალხი დაინახავს, რომ ფასების მომატების რისკია, მოსახლეობის დახმარებით შევეცდებით ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ კონტრაქტი გააუქმონ. ეს ხელშეკრულება პოლიტიკურად ანტისახელმწიფოებრივია, ხოლო ფინანსურად – ზარალის მომტანი. კონტრაქტი არის რუსეთისადმი მორჩილებისა და კერძო ინტერესების ნაზავი,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად,  საქართველოს პარლამენტი:

“ა. ითვალისწინებს რა საქართველოს წარსულ გამოცდილებასა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ ენერგო კომპანიებზე დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს – რეგულარულ დივერსიულ აქტებს მაგისტრალურ გაზსადენებზე, მათ შორის 2006 წლის იანვარში; რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. ენერგოომის პოლიტიკური მიზნებისთვის წარმოების პრაქტიკას აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან – უკრაინა (1992-1994 წწ., 2005-2006 წწ., 2008-2009 წწ., 2013-2015 წწ.), ბელარუსი (2004 წ., 2007 წ.), მოლდოვა (2012 წ.);

ბ. აღნიშნავს რა, რომ რუსეთის ფედერაციას დღემდე უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, მუდმივად ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს – საქართველოს მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და სხვ.; მუდმივად და ყველა მეთოდით, განსაკუთრებით, ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისა და შანტაჟის გზით, ცდილობს საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას;

გ. ხაზს უსვამს რა უშუალოდ „გაზპრომის“ როლს რუსეთის ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, როგორც საგარეო კურსის, ისე შიდა პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობაში;

დ. აღნიშნავს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარეობს გასაიდუმლოებულ ფორმატში საჯარო განხილვისა და ფართო პოლიტიკურ სპექტრსა თუ სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე;

ე. ხაზს უსვამს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში განსაზღვრული პირობების შედეგად, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს საქართველოს ტერიტორიაზე „გაზპრომის“ მიერ განხორციელებული გაზის ტრანზიტიდან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი;

ადგენს:

1. აღნიშნული შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და ინტერესებს;

2. აღნიშნული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მრავალგზის გაცხადებულ ნებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს;

3. დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესების საზიანო, მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური რისკების შემცველი შეთანხმების გაფორმება ისეთ არასანდო პარტნიორთან, როგორიც არის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მართული კომპანია „გაზპრომი“;

4. დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი;

5. დადგეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.”

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის საფასურს ქვეყანა მიიღებს არა ნატურით, არამედ ფულადი ანაზღაურების სახით. უცნობია ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს. გაზპრომთან დადებული ახალი კონტრაქტის წინააღმდეგ პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება” 18 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.

30 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ   “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობები მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გასაჯაროვდეს და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს.

უფრო ვრცლად ამ საკითხების შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი