ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინა ხატისკაცს უჭერს მხარს

7 ნოემბერი, 2012 • 1125
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინა ხატისკაცს უჭერს მხარს

„უმრავლესობის სამივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ნინო ხატისკაცი. ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის სხდომაზე მოვიწვევთ, გვექნება მასთან შეხვედრა, არსებობს გარკვეული კითხვები, გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოვისმინოთ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის მერე უმრავლესობა მხარს დაუჭერს მას.“

რაც შეეხება ხატისკაცის განცხადებას თამარ გურჩიანის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნის შესახებ, საგენელიძე განმარტავს, რომ გურჩიანის საკითხი არ დადგება პარლამენტში და ხატისკაცი ამის შემდეგ დაეთანხმა უმრავლესობის შეთავაზებას:

 

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული იყო ჩვენთვის კანდიდატურის არჩევა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო წარდგენილი და მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონი ნინოა.“

საგანელიძის თქმით, ძირითადი კრიტერიუმი ხატისკაცის განვლილი გზა და ბიოგრაფიაა.

 

შეგახსენებთ, ამ დრომდე სახალხო დამცველის პოსტზე სხვადასხვა ჯგუფებმა დაასახელეს ექვსი კანდიდატი: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, ნათია იმნაძე, გელა ნიკოლაიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, უჩა ნანუაშვილი.

 

რამდენიმე კვირის წინ სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზება მიიღო ნინა ხატისკაცმა, თუმცა მან განაცხადა, რომ მხარს უჭერდა თამარ გურჩიანის კანდიდატურას, რის გამოც არ აპირებდა შეთავაზების მიღებას.

 

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ნინა ხატისკაცი მანამდე მუშაობდა “საერთაშორისი გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში. მისი მეუღლე კახა ჟორჟოლიანი კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახლდათ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მესტიაში.

 

საქართველოს პარლამენტი დღეს უყრის კენჭს გიორგი ტუღუშისთვის სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტას. ტუღუშმა სახალხო დამცველის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.

ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი