ახალი ამბები

ივანიშვილი: ეს არ ყოფილა პოლიტიკური დაკავება

7 ნოემბერი, 2012 • 1227
ივანიშვილი: ეს არ ყოფილა პოლიტიკური დაკავება

“ეს დაკავება არ ყოფილა პოლიტიკური. სამართალდარღვევები  თუ არსებობს და მე მგონია, რომ არსებობს, სამართალდამცავი სტრუქტურები გააგრძელებენ კანონიერების აღდგენას, მე აუცილებლად მივადევნებ თვალს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კანონმა იბატონოს ქვეყანაში  და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან პარტიამ “– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი  ბაჩო ახალაია გუშინ დააკავეს,  მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაია 6 ნოემბერს დაიბარეს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით.  იგი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 

 

დღეს, 7 ნოემბერს კი, გამთენიისას დააკავეს საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

 

ისინი ყოფილი თავდაცვის და შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ აიყვანეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) ბრალდებით  არის დაკავებული გიორგი კალანდაძეც. იგი მთავარი პროკურორის თანდასწრებით თავდაცვის სამინისტროს  ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 05.20 საათზე დააკავეს.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ დანიშნა. ბრიგადის გენერალი 32 წლის გიორგი კალანდაძე მანამდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის  მოადგილე იყო. 2007-09 წლებში კალანდაძე იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური. აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაიღუპა და დაიჭრა ცხინვალთან ბრძოლის დროს. აგვისტოს ბრძოლის შედეგად ჭრილობები ჰქონდა მიღებული თავად გიორგი კალანდაძესაც.

 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდეგ ალასანია აცხადებდა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საგანი იყო გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე შესაბამისი კადრის დანიშვნა. 2 ნოემბერს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი ალასანიამ ვახტანგ კაპანაძე დანიშნა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი