ახალი ამბები

ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები სამხედრო პირების შეურაცხყოფისთვის დააკავეს

7 ნოემბერი, 2012 • 979
ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები სამხედრო პირების შეურაცხყოფისთვის დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს – გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს:

 

“ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამის შემდეგ ახალაიამ ეს სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა:

 

“აქ, ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე, ეზოში, ე.წ. პლაცზე მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ.”

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, ვინაიდან დიდი არის საზოგადოებრივი ინტერესი ამ პირთა მიმართ მიმდინარე დევნის შესახებ, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელენ დაკავებულებს, გასაჯაროვდება რამდენიმე საათში, კერძოდ, გამოქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

 

კბილაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით მრავალი ეპიზოდის შესახებ არის მრავალი განცხადება შესული პროკურატურაში, რომელშიც დაკავებული პირები ფიგურირებენ, თუმცა, მისივე თქმით, დაკავების საფუძველი გახდა მხოლოდ ეს გარემოება – 2011 წლის ოქტომბერში მომხდარი ფაქტი: სხვა გარემოებებზე მიმდინარეოებს გამოძიება.

 

მთავარი პროკურორის თქმით, მოწმის სახით დაკითხულია ახალაია, დანარჩენი ორი დაკავებული – არა. ასევე, დაკითხულია დაზარლებული ჯარისკაცებიდან ხუთი, მე-6 კი – არა, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება.

 

კბილაშვილის თქმით, წარმოდგენილ საქმეზე სხვა მტკიცებულებებიც არის, მაგრამ პროკურატურამ ამ ჩვენებების საფუძველზე მოახდინა რეაგირება.

 

მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლებელია სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.

 

ახალაია, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) საფუძველზე არიან დაკავებული და  5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი