ახალი ამბები

დააკავეს გაერთიანებული შტაბის უფროსი

7 ნოემბერი, 2012 • 1099
დააკავეს გაერთიანებული შტაბის უფროსი

ისინი ყოფილი თავდაცვის და შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ აიყვანეს. ახალაია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) ბრალდებით გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამავე ბრალდებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) არის დაკავებული გიორგი კალანდაძეც. იგი მთავარი პროკურორის თანდასწრებით თავდაცვის სამინისტროს  ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 05.20 საათზე დააკავეს.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ დანიშნა. ბრიგადის გენერალი, 32 წლის გიორგი კალანდაძე მანამდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის  მოადგილე იყო. 2007-09 წლებში კალანდაძე იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური. აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაიღუპა და დაიჭრა ცხინვალთან ბრძოლის დროს. აგვისტოს ბრძოლის შედეგად ჭრილობები ჰქონდა მიღებული თავად გიორგი კალანდაძესაც.

 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდეგ ალასანია აცხადებდა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საგანი იყო გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე შესაბამისი კადრის დანიშვნა. 2 ნოემბერს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი ალასანიამ ვახტანგ კაპანაძე დანიშნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი