ახალი ამბები

ინტერპოლის სამმართველოს უფროსად კონტროლის პალატის მაღალჩინოსანი დაინიშნა

6 ნოემბერი, 2012 • 6095
ინტერპოლის სამმართველოს უფროსად კონტროლის პალატის მაღალჩინოსანი დაინიშნა

აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) მაღალჩინოსანი ალექსანდრე არაყიშვილი, როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, ინტერპოლის სამმართველოს უფროსის პოსტზე დაახლოებით ერთი კვირის წინ დაინიშნა. მანამდე არაყიშვილი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. 

 

აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატა) საქმეების დიდი ნაწილი კი წინასაარჩევნო პროცესში სწორედ ახალი მთავრობის წევრებისა და პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს უკავშირდება.

 

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ალექსანდრე არაყიშვილს მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს აქვს შევსებული. დეკლარაციის შესაბამისად, არაყიშვილის წლიურმა შემოსავალმა აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატა), რომელიც მან  წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღო, 43 895.0 ლარი შეადგინა. 

 

კონტროლის პალატამდე ალექსანდრე არაყიშვილი ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტსა და იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.

 

არაყიშვილი ასევ, არის პარლამენტის წევრისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – პაატა ლეჟავას ქვისლი. 

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაედგინა, რა ნიშნით დანიშნა ალექსანდრე არაყიშვილი ინტერპოლის სამმართველოს უფროსად, თუმცა ამ დროისთვის სამინისტროში განმარტება არ გაუკეთებიათ. 

 

ინტერპოლის სამმართველოს ახალი უფროსი იმ დელეგაციის წევრთა შორის იყო, რომელიც შს ახალ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თან ახლდა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ასამბლეაზე რომში.

ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე
ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი