ახალი ამბები

მთავრობა საპატრიარქოს დაფინანსებას ზრდის

6 ნოემბერი, 2012 • 1526
მთავრობა საპატრიარქოს დაფინანსებას ზრდის

საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 800 000 ლარიდან 25 მილიონამდე გაიზრდება. 

 

ის, რომ ახალი მთავრობა ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსებას არ გეგმავდა, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” დაახლოებით 2 კვირის წინ აცხადებდნენ.

 

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი და საქართველოს პარლამენტში კოალიცია “ქართული ოცნების” სიით არჩეული დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობდა, რომ სამომავლოდ საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს, თუმცა მანამდე ეკლესიის ბიუჯეტიდან დაფინანსების განსხვავებული ფორმის შემოღების მომხრეა:

 

“საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც საბჭოთა დროს რეპრესირებულ ინსტიტუტს, სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს კომპენსაცია. ეს არ იქნება ბიუჯეტის ფული, ეს იქნება მისი ფული,” – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით იღებს დაფინანსებას. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე კი, საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ყოველწლიურად 22 800 000  ლარის ოდენობით იღებს. 

 

იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის–კონკორდატი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოყოს საბიუჯეტო სახსრები საპატრიარქოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის გამოსაყოფი თანხა წლების მანძილზე ბიუჯეტში მაინც აისახება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი