ახალი ამბები

ახალაია: მჯერა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის

5 ნოემბერი, 2012 • • 1623
ახალაია: მჯერა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის

“რადიო თავისუფლების” შეკითხვაზე, თუ რატომ არ პასუხობდა მისი მისამართით დასმულ ბრალდებებს, ახალაია პასუხობს, რომ ის პოსტები, რომლებიც მას ეკავა წლების განმავლობაში, თავშეკავებას გულისხმობდა:

 

“ახლა ის ეტაპია, როცა შესაძლებელია ამაზე ღია საუბარი, მე ამიტომაც ვამბობ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი”.

 

თადარიგის ოფიცრის, ომის ვეტერანის და ყოფილი მზვერავის  სერგო  თეთრაძის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით ახალაია აცხადებს, რომ მას ზუსტად იგივე ინფორმაცია აქვს, რაც ყველას: 

 

“ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მე, რაც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, გულის შეტევით, მე მჯერა ოფიციალური ვერსიის. ხალხი ამბობდა, რომ მოკლეს, ჩამოახრჩვეს, ფაქტები არ დაიმალება”.

 

შეგახსენებთ, რომ თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი  სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. 

 

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს იგი. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

 

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს  პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა, რომ იგი ციხეში წამებით იქნა მოკლული. ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

 

გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, ბრიუსელიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში  20 სექტემბერს განაცხადა, რომ სერგო თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს:

 

“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს.  მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.

 

ბაჩო ახალაიამ დღეს ინტერვიუ “კურიერსაც” მისცა. იგი აბსურდულს უწოდებს ყველა იმ ბრალდებას, რაც მის მიმართ ისმოდა დაწყებული ძალადობიდან და უკანონო ბანდფორმირებებიდან, კორუფციით დასრულებული. ახალაია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრობის დროს მას საკუთარი თავისთვის არ რჩებოდა დრო  სასჯელაღსრულების სისტემაში ჩარევისთვის, ხოლო შეკითხვაზე, თუ რატომ გადადგა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, ახალაია პასუხობს, რომ ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა.

 

ბაჩო ახალაიამ არასერიოზული უწოდა შეკითხვას მის შესაძლო დაპირისპირებაზე ყოფილ პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით ახალაია აცხადებს, რომ ამ სისტემის რღვევა არ არის დასრულებული პროცესი:

 

“თუ ეს აიშვებს, ჩათვალეთ, რომ წყალში გადაყრილია ის შრომა, რომელიც გავწიეთ, საფრთხეები საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არსებობს”.

 

ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 113 მილიონის დაკარგვის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

 

“არავის ფული არ მოუპარავს, ყველაფერი გვქონდა ისე, როგორც წესი და რიგია, მიმდინარეობდა პროცესი, მე ვერ შევძლებ 2 წუთში აგისხნათ, რა და როგორ და მიკვირს 2 დღეში როგორ შეძლეს 113 მილიონის დაკარგვის აღმოჩენა, ნახონ, მოძებნონ, ესეც მორიგი სიცრუეა”.

 

შეგახსენებთ, რომ  ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში დაბრუნდა და მზადაა ყველა შეკითხვას უპასუხოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი