ახალი ამბები

წულუკიანი: ვალდებული ვართ, ჯერ ეკლესიებს მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება

5 ნოემბერი, 2012 • 1035
წულუკიანი: ვალდებული ვართ, ჯერ ეკლესიებს მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება

“როდესაც წარმოიშობა რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობის წყარო, სახელმწიფო და მათ შორის მე ვალდებული ვართ, რომ ჯერ ეკლესიებს მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება. იქ დაპირისპირების ფარგლებში თუ მოხდა ხელით შეხება, ცემა, შეურაცხყოფა და რელიგიური თავისუფლების შელახვის ფაქტი, ეს არის უკვე მეორე ნაწილი საქმის და ამით უნდა დაკავდეს პროკურატურა. თუ იქ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოძიება. მაგრამ მანამდე რომ არ მივიღოთ რელიგიურ ნიადაგზე სერიოზული ადგილობრივი კონფლიქტი, რაც დამღუპველი იქნება, ჩვენ არ ვახდენთ ძალის დემონსტრაციას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, რომლებმაც დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამო და სახელმწიფო სტრუქუტურებს – შს სამინისტროსა და პროკურატურას მათზე რეაგირებისაკენ მოუწოდეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავსი კონფლიქტების მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების გზით არასწორია: სახელმწიფო ინსტიტუტებმა უარი უნდა თქვან კონფლიქტში ჩარევაზე და მოახდინოს მათი დარეგულირება. მისივე თქმით, ამ მიზნით იუსტიციის მინისტრმა ნიგვზიანში ვითარების დაძაბვისთანავე საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკებები ორი კონფენსიის წარმომადგენელთა შორის. გარდა ამისა, დღეს ქუთაისში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელშიც პარლამენტარების გარდა მონაწილეობდნენ– მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, მუსლიმანური თემების უმაღლეს სასულიერო პირი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. შეხვედრა მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი