ახალი ამბები

რა შედეგით დასრულდა საპარლამენტო კომიტეტში რელიგიურ დაპირისპირებაზე მსჯელობა

5 ნოემბერი, 2012 • 934
რა შედეგით დასრულდა საპარლამენტო კომიტეტში რელიგიურ დაპირისპირებაზე მსჯელობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, კომიტეტმა ვერ შეძლო, ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტისთვის სათანადო შეფასება მიეცა:

„ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული მზაობა კომიტეტის მხრიდან, რომ მათ რეაგირება მოახდინონ მთავრობაზე იმ თვალსზრისით, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მათ მიმართ იქნება რაიმე ზომები გატარებული“.

 

მისივე თქმით, რახან კომიტეტმა სათანადო ზომები არ გაატარა, შესაძლოა სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელი იყოს საქართველოს სხვა რეგიონებში და თუ ასე მოხდა, ეს კომიტეტის ბრალი იქნება.

 

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სოფელში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:

 

„მეჩეთის აშენების საჭიროება თუ გაჩნდება, ჩვენ მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, შესაბამის ხელისუფლებას, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ იგეგმებოდა და არც ვგეგმავთ“.

 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, რახან მუსლიმებზე თავდასხმებში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო საპატრიარქოს პოზიცია, რომ დაეშოშმინებინა საკუთრი სასულიერო პირები: 

 

„ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს, ესაა მუსლიმების უფლებების დაცვა და იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ლახავდნენ მუსლიმების რწმენის თავისუფლებას.“ 

 

კითხვაზე, აპირებს თუ არა სამართალდამცავი ორგანორებისთვის მიმართვას, ინციდენტის მონაწილე არჩილ კახაძე ამბობს, რომ – არა. მისი თმით, ამის მიზეზი მომავალი თანაცხოვრებაა:

 

„ინფორმაციის არარსებობის გამო შეცდომაში იყვნენ შეყვანილი ჩემი მეზობლები, ჩემი ძმები და მეგობრები. დღეს გაირკვა ყველაფერი და დიდი მადლობა ყველას, მთვრობას ვუხდი მადლობას”.

სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები იამზე კახაძის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოში აღარ მოხდება.

„პირადად მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ვისაც ჩვენ არ მივაჩნივართ ქართველებად და გვაყენებენ ამით დიდ შეურაცხყოფას, შეიგნებს ის ხალხი, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი მუსლიმები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი