ქალბატონო მაია, თქვენ 2004 წლამდეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდით. რატომ წამოხვედით სისტემიდან?
დიახ, 2004 წლის დეკემბერში წამოვედი. ვიყავი სოციალური სამსახურის უფროსი ამ სამსახურის შექმნის დღიდანვე. მქონდა ჩემი გეგმები სოციალური სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით. ვიცნობდი საერთაშორისო პრაქტიკასაც, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაშინ სოციალური სამსახური პრიორიტეტი არ ყოფილა. ამავდროულად, შემომთავაზეს სხვა სამსახურში გადასვლა, რის გამოც ჩავთვალე, რომ ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი და უნდა წავსულიყავი. პარალელურად, მქონდა შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროდან, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსად ვიმუშავე 2006 წლის მარტამდე. შემდეგ მუშაობა შემომთავაზეს საერთაშორისო ორგანიზაციაში – „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სადაც ვმუშაობდი 1 ნოემბრამდე.
ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა იყო ერთ–ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც უნდა კარგ პოზიციაზე მემუშავა სახელმწიფო დაწესებულებაში, არასამთავრობო სტრუქტურაში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებაა. სწორედ ამ პერიოდში მივიღე სასჯელაღსრულების სფეროში საერთაშორისო განათლება და გამოცდილება. ვიყავი ტრენერი და დღემდე ვაგრძელებ ამ საქმიანობას სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრში.
ანუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად ტრენერად საქმიანობას გააგრძელებთ?
ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ჩემი სახით კარგი ტრენერი დაკარგეს, თუმცა მე ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ ტრენერობაზე უარი ვთქვა, ვინაიდან, ჩემი, როგორც თავმჯდომარის მიერ ჩატარებული ტრენინგი, ვფიქრობ, ძალიან დიდი მოტივაცია და ბევრად ეფექტური იქნება სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალისთვის.
რა ტიპის ტრენინგებს ატარებდით? ციხის კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღებულ ცოდნასთან შეუსაბამოა.
სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის არ სწავლობენ იმას, რასაც ცდილობ, რომ ასწავლო. როდესაც ცნობილი ვიდეოკადრები გავრცელდა, მეორე დღესვე დამირეკეს ჩემმა კოლეგებმა და მითხრეს, რატომ არ გიჯერებდითო, ამ კადრების გავრცელებამდე კი, როდესაც ბოლო ჯგუფის ტრენინგიდან გამოვედი, ძალიან აღშფოთებულმა ვუთხარი ჩემს თანამშრომლებს, „ეს რა უბედურება გვჭირს, ამ ადამიანებმა, გარდა იმისა, რომ არ იციან ადამიანის უფლებები, საჭიროებასაც ვერ ხედავენ იცოდნენ და ამ ხალხის შეშვება მსჯავრდებულებთან არ შეიძლება-მეთქი“. ამ შემთხვევიდან ძალიან მალე ეს ფაქტებიც ვნახეთ. თუმცა ასეთ კატეგორიას თუ არც ასწავლე, ეს უდავოდ კატასტროფა იქნება.
ის რეფორმები, რომელიც ამ მხრივ სასჯელაღსრულების სისტემაში წლების წინ დაიწყო, რატომ ვერ გახდა წარმატებული, პოლიტიკური ნება არ არსებობდა?
მე მაქვს ასეთი პოლიტიკა, რომ არ შევაფასო ჩემი წინამორბედების მუშაობა, ვინაიდან ფაქტებმა და საზოგადოებამ უკვე შეაფასა ისინი. შესაბამისად, არ მგონია, რომ დამატებითი შეფასება გახდეს საჭირო.
თუმცა, პოლიტიკური ნების გარდა, ადამიანები შინაგანად უნდა გრძნობდნენ, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარ პირობებში ცხოვრების უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის და რა პოზიცია უჭირავს მას. როდესაც ამას ვერ აცნობიერებს ადამიანი, ის პატიმრებთან არ უნდა მიუშვა. ეს არის ჩემი იდეაფიქსი.
როდესაც სისტემის რეფორმირება დაიწყო, აქცენტი სოციალურ სერვისებზეც გაკეთდა. თქვენი აზრით, რატომ შეფერხდა ამ სერვისების განვითარება?
პატიმრისთვის ციხე მეორე სასჯელი არ უნდა იყოს. მას უკვე განუსაზღვრა სასჯელი სასამართლომ და ის იხდის სასჯელს. ამ შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც საჭიროების მიხედვით ბევრის საშუალებას მისცემს ადამიანს.
ციხიდან ადამიანები საზოგადოებას მტრებად არ უნდა დაუბრუნდნენ. თუ ადამიანს ციხეში შესვლის დროს არ აქვს არანაირი განათლება და ციხიდან ის ასეთივე მდგომარებაში ბრუნდება იმ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ამდენად ის ადგილს ვერ იპოვის ამ საზოგადოებაში.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დამოკიდებულების მქონეა, რა უნდა გააკეთოს მან, როცა გამოვა ციხიდან, თუკი იქ არ იყო არანაირი სარეაბილიტაციო პროგრამა? ასეთი პროგრამების არარსებობა გამეორებითი დანაშაულის ჩადენის წინაპირობაა. ამაზე დავაც არ შეიძლება, ეს ჭეშმარიტად ასეა.
კიდევ ერთი მნიშნველოვანი საკითხი – უნდა მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების განტვირთვა. განა რამდენი ფსიქოლოგი უნდა იყოს სისტემაში, რომ ყველა პატიმარს მოემსახუროს?
გარდა ამისა, უნდა დაიწყოს სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე ფიქრი. ეს არის ძალიან მოქნილი მექანიზმი დადებითი შედეგისთვის. თუ არ ვიცით, რა საჭიროება აქვს ადამიანს, შედეგზე ვერ ვიფიქრებთ. მაგალითად, პროფესორს არ უნდა ვასწავლოთ წერა-კითხვა, ან ვისაც პროფესია სჭირდება, მას არ უნდა ვასწავლოთ ქართული ენა.
გეგმები დიდი მაქვს, ვნახოთ.
სანამ თქვენ ამ პოსტზე დაინიშნეთ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხის ხელმძღვანელთა ნაწილი თავად დანიშნა და თქვენ არ მოგეცათ ამის საშუალება. გარკვეული პრობლემები კი უკვე დაიწყო ამ კუთხით, მაგალითად, რუსთავის #16 დაწესებულებაში. აპირებთ თუ არა გადახედოთ კადრებს?
კი, ნამდვილად არის ამ მხრივ პრობლემები. დამხვდა მინისტრის მიერ დანიშნული რამდენიმე დირექტორი, თუმცა ამჟამად მიმდინაროებს გადახედვა და პროცესს ვაკვირდებით.
როგორც იცით, ყოფილმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა მონიტორინგის ჯგუფს ციხეებში შესვლის ნება იანვრამდე დართო. აპირებთ ამ პრაქტიკის გაგრძელებას?
მეც ვიყავი ამ ჯგუფში. თუმცა ეს, სამწუხაროდ, არ არის მონიტორინგის ჯგუფი. ეს არის 51 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც მისცეს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს შევიდეს ციხეში. დიდი სურვილი მაქვს, ამ ჯგუფმა მართლაც ჩაატაროს მონიტორინგი და შემდეგ ეს ანგარიში განვიხილო მათთან ერთად, ამით მეც ძალიან დამეხმარებიან.
ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი მონიტორინგი. ეს, პირველ რიგში, არის პრევენცია. როცა თანამშრომელმა იცის, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე შედის უცხო ადამიანი ნებისმიერ დროს, ის ყოველთვის არის მობილიზებული.
ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაცია საერთოდ ვერ შედიოდა მონიტორინგზე და არც რეაგირების საშუალება გვქონდა.
მონიტორინგის ჯგუფს მაქსიმალურად ექნება ჩემი მხარდაჭერა. ეს არის ჩემს ინტერესებში და აქამდე თუ ვინმეს ინტერესში ეს არ შედიოდა, ჩემთვის გაუგებარია – რატომ.
მე მექნება შეხვედრა ამ ჯგუფის წევრებთან და მინდა მათ მივმართო, ჩაატარონ მონიტორინგი და მომაწოდონ ანგარიშები. ეს ადამიანები ამჟამადაც შედიან ციხეებში, თუმცა მოცულობითი მონიტორინგი არ ტარდება.
ამ ჯგუფში არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათთანაც აპირებთ თანამშრომლობას?
მედიასთან თანამშრომლობას აუცილებლად ვაპირებ, თუმცა, რამდენად იქნებიან ისინი მონიტორინგის ჯგუფში, არ ვიცი. აქ შეიძლება იყოს ინტერესთა კონფლიქტი. მონიტორინგის ჯგუფში უნდა იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. თუმცა ეს ჯგუფი მინიტრის ბრძანებითაა შექნილი და მისი გაუქმებაც მინისტრის ბრძანებით უნდა მოხდეს. როგორი იქნება მომავალში ამ მონიტორინგის ჯგუფის სტრუქტურა, განხილვის საგანია.
როგორც ირკვევა, გარკვეული პრობლემებია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის კუთხით. ჯანდაცვის დეპარტამენტის ახალდანიშნული თავმჯდომარე უკვე მოხსნილია. ის სამედიცინო დაწესებულება კი, რომელთანაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თანამშრომლობდა, უარს აცხადებს პატიმრების მიღებაზე და ხელშეკრულების გაუქმება უნდა.
დიახ, არის ექიმების ნაკლებობაც, მედიკამენტების ნაკლებობაც. დაკომლექტებული არ არის კადრები, არც თავმჯდომარე ჰყავს ამ ეტაპისთვის ჯადანცვის დეპარტამენტს და ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ვეცდებით, ყველაფერი უახლოეს დროში მოგვარდეს.
რას იტყვით საპატიმროებში სააფთიაქო ქსელებზე? როგორც პატიმრების ახლობლები აცხადებენ, ციხეში წამლის ყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ.
მე უკვე დავინტერესდი ამ საკითხით და მითხრეს რომ ფასები არ არის განსხვავებული. თუმცა ვაპირებ შევისწავლო ეს საკითხი.