ახალი ამბები

გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე იქნება

2 ნოემბერი, 2012 • • 2248
გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე იქნება

ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს  საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა  საქართველოს გენერალურ  შტაბში.  2004 წელს  დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად. გაერთიანებული შტაბის უფროსის  პირველ მოადგილეს მუშაობის გამოცდილება აქვს დიპლომატიურ  და სამეცნიერო სფეროშიც. 2007-2008 წლებში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი  და საგანგებო დესპანი იყო.  გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია  სამხედრო საქმესა და გეოგრაფიაში.

 

სამხედრო კუთხით ვახტანგ კაპანაძეს განათლება  მიღებული აქვს ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხეობის კოლეჯში  (გერმანია), უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების  ომის წარმოების კოლეჯში. 

 

საქართველოს გაერთიანებული  შტაბის ახალი მოადგილე დაჯილდოებულია  ღირსების ორდენითა და „ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით“.

 

მინისტრის თქმით, გაერთიანებული შტაბის ამჟამინდელი უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე ინარჩუნებს თანამდებობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გენერალი კალანდაძე სასწავლებლად წავა, თავისი სამხედრო განათლების ამაღლების მიზნით, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას შეასრულებს პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე. 

 

ალასანიას თქმით, ვახტანგ კაპანაძე ამ თანამდებობაზე მანამდე იქნება, სანამ პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს არ წარადგენს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე პრეზიდენტი ინფორმირებულია და ცვლილებები მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებულია. 

 

ირაკლი ალასანიას განცხადებით,  მომავალი კვირიდან,  გაერთიანებული შტაბის წინადადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას და შემოწმებას პირადად აპირებს.

 

“მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სრული პოლიტიკური და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვისა და შეიარაღებულ ძალებზე და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ გაერთიანებულ შტაბს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილზე”. –განაცხადა ალასანიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი