ახალი ამბები

‘შემაშფოთებელია რელიგიური დაპირისპირების წახალისება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან’

2 ნოემბერი, 2012 • 993
‘შემაშფოთებელია რელიგიური დაპირისპირების წახალისება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან’

“შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება პოლიტიკური კლასის, კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან”, – აცხადებს კინწურაშვილი. მისივე თქმით, წახალისებაში გულისხმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რელიგიური პროზელიტიზმის შესახებ განცხადებას.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებზე “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა:

 

„მე მაქვს ცალმხრივი ინფორმაცია, ამიტომ მეორე მხარესაც უნდა შევხვდე. ერთი მხარე მეუბნება, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ, მე ვეთანხმები იმას, რომ ადამიანებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ მეორე მხარისგანაც მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ.

 

კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ. თუ ასე არ არის, მაშინ აქვთ ადამიანებს ლოცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ჩუმად სახლში უნდა ილოცო. კანონს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რელიგიური მოსყიდვის ნიშნით ადამიანები გადაიბირო, შეიძინო საკუთრება, ააშენო ადგილობრივი მოსახლეობის ნების დაუკითხავად რელიგიური დაწესებულებები, კატეგორიულად, კონსტიტუციურად არის დაუშვებელი. ამიტომ ადგილზე ჩავალ და  პირადად გავერკვევი საკითხში. თუ კონფლიქტი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გასცდა, მაშინ ეს საქმე უნდა გადავცე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ დავუშვებთ, ადამიანებს წაართვან ლოცვის უფლება და არც იმას, რომ პროზელიტიზმმა საქართველოში იმძლავროს“.

 

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ აღნიშნულ საკითხს:

 

“ხოლო სამართლადამცავები უზრუნველყოფენ იმას, რომ რელიგიური მრწამსის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემა.”

 

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი