ახალი ამბები

დამატებითი განმარტებები შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე

7 თებერვალი, 2017 • 2009
დამატებითი განმარტებები შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განცხადება გაავრცელა. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ სკოლამ 82 უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულენოვან პარალელელურ კლასებში მათი განათლების აღიარების (მათ შორის არც ექსტერნის წესით) გარეშე გადაიყვანა, რითაც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა და შეიზღუდა თურქულენოვანიდან ქართულ სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება.

ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებით, გადაყვანისას, არ მომხდარა მოსწავლეების მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის.

სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება, რადგან ქართულენოვან სექტორზე მათი გადაყვანა  მოხდა ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მათი არც ენობრივი და არც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.  შედეგად, ქართული ენის არცოდნის გამო, მოსწავლეები ვერ ითვისებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში, რაც დასტურდება სასკოლო ჟურნალებით,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე,  ცენტრში აცხადებენ, რომ გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა  ადგილსამყოფელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლისთვის უცნობი იყო  და მისი დადგენა ვერ მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს. ამის მიუხედავად კი, აღნიშნული პირები მოსწავლის აქტიური სტატუსით სარგებლობდნენ და მათზე წლების განმავლობაში გაიცემოდა ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თქმით, რეალურად არ მოხმარდა ზოგადი განათლების მიზნებს.

ცენტრის ინფორმაციით, გეგმური მონიტორინგი სკოლა-ლიცეუმში 2016 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს და 2017 წლის  20, 21 და 22 იანვარს განხორციელდა. სკოლა-ლიცეუმს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2015 წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით მიენიჭა. იმავე სხდომაზე, დაწესებულებას ცენტრმა განუმარტა, რომ სკოლას აქ ჰქონდა უფლება, ქართულენოვანი სექტორის პარალელურად სწავლა განეხორციელებინა თურქულ სექტორზე, რადგან ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფუნქციონირებდა და სკოლას უნდა გაეუქმებინა, რაც შაჰინის სკოლის ადმინისტრაციამ შეარსულა.


3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლას მოსწავლეების მიღების საკითხის გამო.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტროში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი