ახალი ამბები

ჯეჯელავა შაჰინის სკოლაზე: არც ერთი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი აისახება სკოლებზე

6 თებერვალი, 2017 • 2509
ჯეჯელავა შაჰინის სკოლაზე: არც ერთი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი აისახება სკოლებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის  შეჩერება თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება და კონკრეტული დარღვევებითაა გამოწვეული.

დღეს მინისტრმა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და ომბუდსმენს დაეთანხმა, რომ ის პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, არ უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე:

ჩვენც ვიზიარებთ, რომ არც ერთი ქვეყნის არანაირი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის  ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახებოდეს, და არც აისახება არანაირად სკოლებზე და საგანმანათლებლო პროცესზე” – ამბობს ჯეჯელავა. 

მისი თქმით, ავტორიზაციის სტანდარტი ყველა სკოლისთვის საერთოა, ხშირი, განმეორებითი მონიტორინგი კი მიღებული პრაქტიკაა:

“ყველა სკოლაში, სადაც გამოიკვეთება ნიშნები არაჯეროვანი შესრულების, განმეორებითი მონიტორინგი მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლას პირველივე შემთხვევაში კი არ ჩამოვართვათ ავტორიზაცია, არამედ მივცეთ საშუალება, გაითვალისწინონ ეს შენიშვნები და შემდგომი მონიტორინგის დროს ვცდილობთ, რომ ეს სიტუაცია შევამოწმოთ, რამდენად გამოსწორდა ის ხარვეზები. ეს ის შემთხვევაა, როცა სკოლამ ვერ დააკმაყოფილა ეს სტანდარტი,” – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, რა დარღვევები გამოიკვეთა ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლის მონიტორინგის შედეგად, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც იცის, სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

რაც შეეხება 340-მდე მოსწავლეს, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ირიცხება, მინისტრის თქმით, ისინი სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში განაწილდებიან, პედაგოგების კანდიდატურებს კი სხვა სკოლებს შესთავაზებენ:

“რაც შეეხება ბავშვებისა და პედაგოგების განაწილებას, ჩვენ ყველა სხვა შემთხვევაში [როცა სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია] – ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბავშვები დაგვებინავებინა. რაც შეეხება პედაგოგებს, ბავშვებს კანონით აქვთ გარანტია, რომ განათლების გარეშე არ დარჩებიან არც ერთ შემთხვევაში, პედაგოგებს ჩვენ შევეცდებით, რომ ვთხოვოთ სხვა სკოლებს, განიხილონ მათ იკანდიდატურები, თუკი ვაკანსიები ქენებათ ან შეექმნებათ. წინა შემთვევებში, სექტემბერშიც იყო ასეთი შემთხვევები, ოქტომბერსა და ნოემბერშიც, ფაქტობრივად, ერთი კვირის განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდა” – ამბობს მინისტრი


3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლას მოსწავლეების მიღების საკითხის გამო.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტროში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი