ახალი ამბები

მამუკა ახვლედიანი აპირებს, მაღალჩინოსნებს სასამართლოში უჩივლოს

6 თებერვალი, 2017 • 6638
მამუკა ახვლედიანი აპირებს, მაღალჩინოსნებს სასამართლოში უჩივლოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ სასამართლოში უჩივლებს მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის და თითოეული მათგანისგან 100 ათას ლარს მოითხოვს.

მამუკა ახვლედიანი აპირებს უჩივლოს თეა წულუკიანს, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძეს და არჩილ თალაკვაძეს.

“მათ დადასტურებულ ფაქტად მიიჩნიეს ეს ყველაფერი და გამოაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ასეა. მე შევიტან მათ წინააღმდეგ სარჩელს იმიტომ, რომ მათი მეშვეობით გაიგო საზოგადოებამ და მათ გაავრცელეს ჩემი ღირსების შემლახველი ინფორმაცია…. წარდგებიან სასამართლოს წინაშე. თითოეული მათგანი ღირსების შემლახველი ინფორმაციისთვის გადაიხდის 100 ათას ლარს, რომელიც ჩაერიცხება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს,”- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საქმე ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ფლობს 6 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ მიწას, მასზე განლაგებული სკოლით, ასევე, ჩართულია ოფშორული კომპანიის ბიზნესში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მამუკა ახვლედიანი 2016 წელს მართლაც გახდა სკოლა “ოლიმპის” 66%-ის მფლობელი, რომელიც მოგვიანებით თავის ცოლსა და შვილს გადაუფორმა.

"შპს ოლიმპი თბილისი +"-ის მეწილეები 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

“შპს ოლიმპი თბილისი +”-ის მეწილეები 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

რაც შეეხება ოფშორული კომპანიის ბიზნესში მონაწილეობას, რეესტრის თანახმად, მამუკა ახვლედიანის მიერ დაფუძნებული “ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო” ორ ოფშორულ კომპანიასთან ერთად ფლობს წილს “შპს ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენში“, რომელიც 2016 წელს დაარსდა.

შპს ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის მეწილეები

შპს ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის მეწილეები

“ორი რაღაც გავაკეთე: კონსულტაციას ვუწევ და რატომ უწევ კონსულტაციასო, კრედიტი ავიღე და კრედიტი რატომ აიღეო. სუნთქვის უფლება მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში, ჯერ ვერ გავარკვიე,”- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა ლეგალურია.

მან ნეტგაზეთთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა სკოლა “ოლიმპის” წილები. მისივე თქმით, სკოლის ერთ მეწილეს ჰქონდა ვალი და წილს ჰყიდდა, პარალელურად, სკოლასაც ჰქონდა კრედიტი. ახვლედიანის თქმით, “პროკრედიტ” ბანკთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რადგან საქმე ეხებოდა IT და იურიდიული მიმართულების დაფინანსებას, სკოლის კრედიტი ორჯერ, ხოლო გადასახდელი დრო ოთხჯერ გაიზარდა.

“1/3 ეკუთვნოდა ჩემს სიძეს ამ სკოლაში ძალიან დიდი ხანია. 2/3-ს ვინც ფლობდა, იმას ძალიან დიდი ვალები დაედო და ნორმალურ ფასად იყიდებოდა. სკოლას ჰქონდა თავისი კრედიტი, რომელიც უნდა გადაეხადა 2,5 წლის განმავლობაში. გაიზარდა კრედიტის ოდენობა 10 წლამდე და კრედიტის თანხა გაიზარდა ორჯერ, რომლითაც დაიფარა იმ ადამიანის დავალიანება და გადმომეცა საკუთრებად მე… ჩემს სიძეს აქვს 350 ათასი აღებული და ჩემ მეუღლეს 350 ათასი აღებული. თვითონ სკოლა რასაც იხდიდა, 2.5 წლის სანაცვლოდ ახლა უნდა ვიხადოთ  10 წელი კრედიტი,”- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით და ბანკის გადარიცხვებით, რომელსაც ვერ აქვეყნებს, რათა პროცესის მონაწილე სხვა პირებს არ სურთ, მათი გვარი გამოჩნდეს.

მამუკა ახვლედიანს აქვს კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდა ფინანსური ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ არის, მედიის ხელში  – “თუ სუს-ის თანამშრომლები არ არიან, როგორ მოხვდა მათთან ასეთი ტიპის ინფორმაციები?”

რაც შეეხება საქმიანობას ოფშორული კომპანიის ბიზნესში, მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ იურიდიულ კონსულტაციებსა და მომსახურებას უწევენ უკრაინულ კომპანიას, რომელიც ჰესებზე მუშაობას გეგმავს:

“ახვლედიანი და საკონსულტაციო ბიურო არის ჩართული, როგორც საკონსულტაციო კომპანია. ეს არის საინჟინრო კომპანია, რომელმაც სამომავლოდ ჰიდროჰესებზე უნდა იმუშაოს. ჩვენი ვალდებულება იყო იურიდიული მომსახურება, სარეგისტრაციო დოკუმენტების თარგმნა, ნოტარიუსთან გატარება, საჯარო რეესტრში ჩაბარება. ეს იყო ჩემზე, საინჟინრო ნაწილი უნდა გააკეთოს ინჟინრებმა და შემდეგ, 4-5 წლის შემდეგ, როცა კონკურსში გაიმარჯვებს პროექტი და ასე შემდეგ,”- განაცხადა ახვლედიანმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

იგი ამბობს, რომ თუ ადამიანი ბრიყვი არ არის, საეჭვო გარიგებებში არ მიიღებს მონაწილეობას:

“1 მილიონი რომ ვინმეს მოეცა, როგორ ფიქრობთ, მე რამეს ვიყიდდი, მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში?  მე თუ მართლა არ მიჭირდა და არ მინდოდა, ჩემივე ცოდნით და გამოცდილებით რაღაც გამეკეთებინა, სხვა რა მრჯიდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, როცა ასეთ დაპირისპირებაში ვიყავი ხელისუფლებასთან? ლოგიკა არის ამაში?”- ამბობს ახვლედიანი.

2016 წლის 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. 2010 წელს გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს ეხება.

დღეს, 2017 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა მორიგი ფარული ჩანაწერები ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა გვარამიას სახელით, რომელშიც ნახსენებია ახვლედიანის გვარი და თანხა – სამი მილიონი. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ახვლედიანი ამბობს, რომ არ იცის, “ვინ საუბრობს, ნამდვილად საუბრობს თუ არა და რას ეხება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი