ნეტგაზეთი | მამისეიშვილი: მამუკა ახვლედიანმა თავად სცადა ჩემზე ზეწოლა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით მამისეიშვილი: მამუკა ახვლედიანმა თავად სცადა ჩემზე ზეწოლა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით – Netgazeti
RU | GE  

მამისეიშვილი: მამუკა ახვლედიანმა თავად სცადა ჩემზე ზეწოლა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მამისეიშვილის განცხადებით, მამუკა ახვლედიანმა თავად სცადა მასზე ზეწოლის მოხდენა და ზაზა ართმელაძის საქმეზე დაურეკა.

მამუკა ახვლედიანმა და გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრებმა “რუსთავი 2”-თან განაცხადეს, რომ ზაზა ართმელაძე იყო მამუკა ახვლედიანის ნათესავი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზაზა ართმელაძეს სწორედ ახვლედიანის გამო, მის “გასაჩერებლად” შეუფარდეს. 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, ზაზა ართმელაძის სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზაზა ართმელაძე იმავე წლის 19 ნოემბერს დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 2017 წლის 24 მაისს ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

დავით მამისეიშვილი ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანი პირადი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ადამიანს იყენებს.

“2015 წლის ნოემბერში, როდესაც ზაზა ართმელაძე დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მამუკა ახვლედიანი დამიკავშირდა მე და მითხრა, რომ შემეფარდებინა არასაპატიმრო აღკეთის ღონისძიება. მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხებოდა სამი 11 წლის ბავშის გარდაცვალებას, მე ჩავთავლე, რომ მიმეღო ერთადერთი და სწორი კანონიერი გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამომეყენებინა,”- განაცხადა დავით მამისეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნეტგაზეთის კითხვას- თუკი მას მართლა დაურეკა მამუკა ახვლედიანმა და ზეწოლა სცადა, ამის შესახებ ახლა რატომ საუბრობს და რა რეაგირება ჰქონდა მაშინ- მამისეიშვილი პასუხობს, რომ ახვლედიანის სიტყვას პატივს არ სცემს.

ამ კითხვაზე პასუხისას მან ასევე აღნიშნა, რომ “არ თვლიდა საჭიროდ, მამუკა ახვლედიანის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირება მოეხდინა”

“მამუკა ახვლედიანი უავტორიტეტო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ის იყო ადამიანი, რომლის სიტყვასაც მე, დავით მამისეიშვილი, არ ვთვლიდი, რომ ეს იყო იმ ადამიანის ნათქვამი, ვისაც მე შეიძლება პატივს ვცემდე, ან  ვინც შეიძლება დამირეკოს და კონკრეტულ საქმეზე რამე მითხრას,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა უპასუხა მამუკა ახვლედიანს, მან განგვიცხადა, რომ ახვლედიანს უთხრა, საქმის მასალები ჯერ შემოსული არ იყო და მისთვის უცნობი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მამისეიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანმა საკუთარ ნათესავებს გარანტია მისცა, რომ ართმელაძეს პატომრობას არ შეუფარდებდნენ:

“როდესაცპ ირველ ჯერზე, ნოემბერში, აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა გამოვიყენე ზაზა ართმელაძის მიმართ, სასამართლო დარბაზში გაისმა სატელეფონო ზარი. ამას ჩემი თანამშრომლებიც დაადასტურებდნენ, სადაც, სავარაუდოდ, მამუკა ახვლედიანს უკავშირდებოდნენ და მას უთხრეს, როგორ ჩაგვხედავ თვალებშიო. ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მამუკა ახვლედიანი იყო გარანტორი იმ პირებისთვის იმ შემთხვევაში, რომ მას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდენდნენ,”- განაცხადა მამისეიშვილმა.

დავთ მამისეიშვილს მამუკა ახვლედიანთან სხვა ბრალდებებიც აქვს:

“სწორედ მამუკა ახვლედიანის უშუალო ორგანიზებით, როდესაც ის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი იყო, მან უზრუნველყო მოსამართლეთა ასოციაციის შეკრებისას, რომ ბრალდებულის ნათესავები შემოუშვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მათ ჩემზე განახორციელეს ზეწოლა და მომიხსენიებდნენ უწმაწური სიტყვებით. იმავე დღესვე მოსამართლეების თავლწინ მამუკა ახვლედიანს ვუწოდე ნაძირალა და უღირსი ადამიანი და ამის გამო მან მოსამართლეთა ასოციაციის შეკრებაზეც კი ვერ შეძლო დასწრება,”- განაცხადა მამისეიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესზე არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანს უკავშირდებოდა:

“სასამართლო პროცესზე მე, მოსამართლე დავით მამისეიშვილს არ გამიკეთებია განცხადება, რომ ეს უკავშირდებოდა მამუკა ახვლედიანს. სასამართლოს სხდომის ოქმის ელექტრონული ასლებიც არსებობს…. მე, მოსამართლემ, დავასაბუთე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის ერთ-ერთი საფუძველი, რომ ვინაიდან ჩემზე, როგრც მოსამართლეზე, ახდენდნენ ზეწოლას, ანალოგიურად შეეძლოთ იმ მოწმეებზე ზეწოლის განცორციელება, რომლებიც ბრალდებულის საუარესო ჩვენებას მისცემდნენ,”- განაცხადა მან.

გარდა ამისა, მამისეიშვილი ამბობს, რომ დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს მის მიერ ართმელიძისთვის პატიმრობის შეფარდება და ახვლედიანის გააქტიურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ:

“2015 წლის ნოემბერში, როდესაც მე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა გამოვიყენე, ის არ იყო აქტიური პირი და იმ პერიოდში სასამართლო სისტემის მიმართ არ ახორციელებდა უზნეო განცხადებების გაკეთებას. მან ეს ყველაფერი დაიწყო 2015 წლის დეკემბრის შემდეგ. ამიტომ, საიდან შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი ახვლედიანს?”- განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი