ახალი ამბები

გვარამია შსს-ში გამოსაკითხად მისვლას არ აპირებს

14 თებერვალი, 2017 • 1957
გვარამია შსს-ში გამოსაკითხად მისვლას არ აპირებს

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი არ აპირებს მასსა და მამუკა ახვლედიანს შორის გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშრებით შსს-ში გამოსაკითხად მისვლას.

დღეს, 14 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ექსპერტიზამ გვარამიასა და ახვლედიანს შორის ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა და ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სახით გამოსაკითხად იყო დაბარებული.

გვარამიამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე განაცხადა, რომ საუბრის ჩანაწერი თავად გააკეთა და მისი კომპიუტერიდან ეს აუდიო უკანონოდ მოიპოვეს. ამ განცხადების შემდეგ შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაიწყო.

შსს-მ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი “არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია”. გვარამია ექსპერტიზას არ ენდობა.

“გამოკითხვაზე არ მივდივარ, არ ვენდობი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპერტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებს და ვითხოვ ჩემ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, მე მზად ვარ, გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასამართლოს მეშვეობით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამის თქმითვე, ამ ჩანაწერში  მონაწილეობს მესამე პირიც, რომლის ხმაც ამოჭრილია.

“მთელი საუბარი მიმდინარეობს სამ პირს შორის.  მილიონზე მივმართავ მესამე ადამიანს. თუ ძაიან გულისყურით მოუსმენთ, შეიძლება უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე აქამდე იცოდით. ავთენტური როგორ იქნება, როდესაც მესამე ადამიანის ხმა არ ისმის სწორედ იმისათვის, რომ შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ჩემსა და ახვლედიანს შორის არის საუბარი. ის მესამე ადამიანი მესაუბრება მე. ამ 30-წუთიან მონაკვეთში ჩემი და არა მამუკა ახვლედიანის, არამედ მეორე ადამიანის საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ეხებოდა ჩემი კომპანიის ვალებს და მისი გასტუმრების გეგმას იმ 6 მილიონის მეშვეობით, რომელზეც არის საუბარი,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჩანაწერი, რომელიც, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ხმებს მოიცავს, 2016 წლის 2 ოქტომბერს, გვიან ღამით, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე გამოქვეყნდა. 2 დღის შემდეგ ამ ცანაწერის ვრცელი ვერსია გაოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 14 თებერვალს ამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა.  ამის შემდეგ, ახვლედიანი მოსამართლეც აღარ არის და სასამართლო სისტემიდან წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი