ახალი ამბები

შაშკინი: ან მე ვესროდი ვინმეს, ან მე და ჩემს ოჯახს ესროდნენ

2 ნოემბერი, 2012 • • 1841
შაშკინი: ან მე ვესროდი ვინმეს, ან მე და ჩემს ოჯახს ესროდნენ

“მოვიდა ახალი მთავრობა, რომელთანაც მე, როგორც თავისუფალ ადამიანს, მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და ფასეულობები. როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოსტის დატოვების, ქვეყანა არ იყო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, ჩვენ ვხედავთ, ძალიან კარგად ხდება ყველაფრის გადახაზვა და ყველაფერი, რაც გაკეთდა, თურმე, იყო ცუდი. მაზოხისტი არ ვარ, რომ ვუყურო, როგორ აუქმებენ ყველაფერს, რაც იყო კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც მართლა განავითარა ჩვენი ქვეყანა,” – აღნიშნა შაშკინმა. 

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქვეყნიდან ოჯახიც გაიყვანა. შაშკინის თქმით, მის 8 წლის შვილს სახლთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

 

“მიუხედავად იმისა, რომ დაცვა მიცავდა და მეც არ ვარ სუსტი ძალის პატრონი, მე მივხვდი, რომ დადგებოდა ძალიან მარტივი საკითხი – ან მე ვესროდი ვინმეს, ან ჩემს ოჯახს ესროდნენ ან მე. პატარა წრეა, მაგრამ ამ ვიწრო წრეში არსებობს ზიზღი და მე მგონი, ყველასთვის მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ დროებით მოვრიდებოდი ამ პროცესებს”. 

 

დიმიტრი შაშკინმა ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებასაც გასცა პასუხი. ალასანიას  განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტია.

 

“4 ივლისს, როდესაც მოვედი მინისტრად, დამხვდა ასეთი სიტუაცია, რომ უფრო მეტი ვალდებულება ჰქონდა აღებული, ვიდრე შესაძლებლობა არსებობდა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს. ეს იყო დაახლოებით 100 მილიონზე მეტი, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ აიღო და მოიპარა.  მე ვესაუბრე ბაჩოს, იყო აღებული ვალდებულებები და ბაჩოს ჰქონდა იმედი, რომ როდესაც ბიუჯეტი გაიზრდებოდა შემოდგომაზე და ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ძალიან კარგად ივსებოდა ხაზინა, პირველ რიგში, იქნებოდა დაკმაყოფილებული მოთხოვნა ჯარის”. 

 

დიმიტრი შაშკინი ინტერვიუში ადასტურებს, რომ იგი პრემიებით ახალისებდა წარჩინებულ თანამშრომლებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ 700 000 ლარის პრემია არ გამოუწერია საკუთარი თავისთვის, შაშკინი არა მხოლოდ ფულადი ჯილდოთი ახალისებდა თანამშრომლებს: 

 

“თავდაცვის მინისტრს და გაერთიანებული შტაბის უფროსს აქვს უფლება, გარდა ფულადი ჯილდოსი, ასევე პირადი იარაღით  დაასაჩუქროს ოფიცერი, მე ეს უფლება გამოვიყენე და არა ავტომატური, საუბარია სანადირო თოფზე და პისტოლეტზე, 45 წარჩინებულ ოფიცერს გადავეცი”. 

 

დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულება მორალური და ნერვების თვალსაზრისით იყო ყველაზე რთული. შაშკინი ქალთა ციხის ბუნტის შემთხვევას იხსენებს:

 

“მატროსოვის ქუჩაზე, როდესაც ქალთა კოლონიაში მოხდა ბუნტი, იყო ძალიან რთულად მოსაგვარებელი, 800 პატიმარი ქალი, რომელიც ფსიქოტროპული წამლების ქვეშ იმყოფებოდა და ციხე გარშემორტყმული იყო ოპოზიციის წარმომადგნლებით, საკნების პერიოდი იყო, რომლებიც ემზადებოდნენ დესტაბილიზაციისთვის. მაშინ სპეცრაზმმა, 180 ადამიანი მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში, მე პირადად ვხელმძღვანელობდი, ისე დაამთავრა სპეცოპერაცია, რომ არც ერთი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ”.

 

შაშკინი აცხადებს, რომ მზადაა, უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას და ახსნა–განმარტება გააკეთოს  ნებისმიერ ბრალდებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის  პასუხი აგოს.  

 

10 ოქტომბერს დიმიტრი შაშკინმა ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მან ქვეყანა დატოვა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ საზოგადოებამ შესაძლოა მასზე “გაუგონარი ამბავი” მოისმინოს.

 

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი ,,გაუგონარი ამბავი“ ჩემს შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას”, – წერს შაშკინი 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინმა 2012 წლის 4 ივლისს თავდაცვის მინიტრის თანამდებობა დაიკავა, მანამდე იგი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა 3 წლის განმავლობაში, უფრო ადრე კი შაშკინს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა დახმარების მინისტრის თანამდეობა ეკავა. 

 

ერთი თვის წინ პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილენი ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძის დასჯათან ერთად დიმიტრი შაშკინის დასჯასაც მოითხოვდნენ. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, ჯერ კიდევ ძველი მთავრობის შემადგენლობით ჩატარებულ მთავრობის სხდომას დიმიტრი შაშკინი არ ესწრებოდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ნინო პოტრჟებსკაიას მაშინდელი განცხადებით, მინისტრი აშშ–ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა მოგვიანებით თავად ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ში, ოჯახთან ერთად გაემგზავრა, სადაც დღემდე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი