ანთაძე: სტრატეგიული გეგმა “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს შეჩერებასაც ითვალისწინებს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, არხის განვითარების სტრატეგია, რომელიც გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს წარუდგინა, დამტკიცების შემთხვევაში იმ გადაცემების შეჩერებასაც ითვალისწინებს, რომლებიც “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “რადიო თავისუფლების” ერთობლივი პროექტებია.

“ყველა გადაცემა არის ყველა გადაცემა, რასაკვირველია, თუმცა არა მხოლოდ ამ გადაცემაზე, ნებისმიერ სხვა გადაცემაზე, ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი, რომ ვისაუბროთ ბორდთან და ვიფიქროთ, რა კრიტერიუმებით შეიძლება ერთი გადაცემა დარჩეს ეთერში, მაგრამ სხვა გადაცემები დაიხუროს, რა იქნება ეს კრიტერიუმები, ამაზე თუ მთელი სზოგადოება შეთანხმდება, ჩვენ ნამდვილად არ ვართ წინააღმდეგი და პირადად ჩემთვის ეს გადაცემები ძალიან ძვირფასია.

ამჟამინდელ ვარიანტში, რომელსაც ბორდს ვთავაზობთ, მოიაზრებიან ეს გადაცემებიც. ამჟამინდელ ვარიანტში არის ერთიანი სისტემური მიდგომა. ჩვენ არ დაგვიწყია გადაცემების ერთმანეთისგან გარჩევა რაიმე კრიტერიუმებით და მზად ვართ, ყველა ასეთ კრიტერიუმზე ვისაუბროთ და მე მხოლოდ გამიხარდება თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება. მიდგომა არის სისტემური და ამ სიტემური მიდგომაში გამონაკლისებზე შეიძლება თუ არა საუბარი, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმზე, რომელიც მიზანს არ დაგვაშორებს და პოზიტიურ შედეგს მოგვცემს”,- ამბობს ანთაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“საზოგადოებრივ მაუწყებელის” და “რადიო თავისუფლების” თანამშრომლობის ფარგლებში არხზე ორი გადაცემა, სალომე ასათიანის “ინტერVIEW” და გოგი გვახარიას “წითელი ზონა” გადის.

დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დღესვე გაეგზავნა მაუწყებლის ბორდს. ეს გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმციო პროგრამა “მოამბისა”.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმასთან ერთად სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერების მიერ აღწერილ პრობლემებიც გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს შეხვდა მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერებს და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ იმ პრობლემების ხედვა, რაც მათი გადაცემის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com