საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა წარუდგინა, რომელიც 2018 წლამდე, “მოამბის” გარდა, ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს. მაღლაფერიძის თქმით, ეს არ არის უკვე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ არის ექსპერტული ანალიზი და გეგმა, რომელსაც მაუწყებლის მენეჯმენტთან ერთად საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს სამსჯელოდ სთავაზობს.
სქრინი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან:
პროექტს ეწოდება: “საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა – 2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“. გეგმის სრულ ვარიანტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმით, 2017 – 2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფრულებაზე დაახლოებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება. გთავაზობთ ფოტოებს ზემოხსენებული პროექტიდან:
“ახალი სამუწყებლო ბადე შესაძლებელი იქნება დავიწყოთ სულ რაღაც 11 თვეში ანუ დავიწყოთ გადაცემების შემოტანა 2018 წელს და 2019-ში გავალთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
“საჭიროა ფინანსები, მატერიალურ-ტექნიკური ელემენტარული ბაზა, რომელიც ყველა სხვა ტელევიზიას აქვს და არ აქვს საზმაუწყებელს, და ამისთვის საჭიროა, 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა პლატფორმა მოვამზადოთ. აქ რაზეა საუბარი, ჩვენ კი არ ვაჩერებთ, დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა და საექსპერტო ანალიზი აქ არსებული მდგომარეობისა”, – თქვა მაღლაფერიძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებით დაინტერესებულ პირებს მოუწოდა დისკუსიაში მონაწილებისა და თავისი ხედვის წარდგენისაკენ.