ახალი ამბები

დაბალი ხელფასები, მოძველებული კამერები, “პეტლიჩკები” – რა პრობლემებს უჩივიან საზმაუს თანამშრომლები

6 თებერვალი, 2017 • 3755
დაბალი ხელფასები, მოძველებული კამერები, “პეტლიჩკები” – რა პრობლემებს უჩივიან საზმაუს თანამშრომლები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმასთან ერთად აქვეყნებს სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერების მიერ აღწერილ პრობლემებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს შეხვდა მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერებს და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ იმ პრობლემების ხედვა, რაც მათი გადაცემის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

“იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თუნდაც მიახლოებითი, ზედაპირული წარმოდგენა ამ ორგანიზაციაში არსებულ ვითარებაზე, ავტორების თანხმობით (ვინაობის მითითების გარეშე), წარმოგიდგენთ ციტატებს მათი წერილობითი ანგარიშებიდან და მოხსენებითი ბარათებიდან. ეს იმ ადამიანების ჩანაწერებია, რომლებიც პასუხს აგებენ ეთერში გასული პროდუქტის ხარისხზე”, – ვკითხულობთ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, მედიაწარმოების ბლოკი – პირველი და მეორე არხი, რადიო 1, არქივი

„კომერციულ მედიაკომპანიებთან კონკურენციაში ყოფნა წარმოადგენს რისკს. მოქნილი ანაზღაურების სისტემა, რეიტინგი და განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები მიმზიდველს ხდის კომერციულ მედიას, რაც იწვევს არსებული კარგი კადრის გადინებას. რესურსის სიმცირე და ამოცანების სიმრავლე არაკონკურენტულს ხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი შესაძლოა ვეღარ შეძლებს ახალი უნარების შეძენას და, შესაბამისად, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. არსებულ რეალობაში მათი სამსახურიდან გათავისუფლება რიგ შემთხვევებში გამოიწვევს ამ ადამიანების სრულიად უშემოსავლოდ დატოვებას. ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მათ შორის, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობაც. თავის მხრივ, მათი სამსახურში დატოვება გარკვეული თვალსაზრისით ნიშნავს რესურსების იმგვარ ხარჯვას, რაც არ არის ორიენტირებული შედეგზე. აუცილებელია, ამ საკითხთან დაკავშირებით  ჩამოყალიბდეს ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია, რომელიც გაზიარებული იქნება როგორც მენეჯმენტის, ისე სამეურვეო საბჭოს მიერ.“

„აუცილებელია სწორი სახელმძღვანელოების (გაიდლაინების) შემუშავება და კომპეტენციის ამაღლებაზე მიმართული გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება.“

„მნიშვნელოვანია, ახალი ნიუსრუმის აშენებამდე, გარკვეული ტექნოლოგიური განახლება არსებულ ნიუსრუმში განხორციელდეს. თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ და დაინახონ ინტეგრაციის სიკეთე უკვე ახლა, არსებულ სივრცეში, რაც შეუძლებელია არსებული ტექნიკური რესურსით.“

„დღის განმავლობაში არაერთი ტექნიკური პრობლემა გვხვდება: ჩართვის აპარატები არის მინიმუმ 15 წლის, უვარგის მდგომარეობაში. უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია პირდაპირი ჩართვის განხორციელება.“

„პერსონალური კომპიუტერების უმრავლესობა ძირითადად მოძველებულია, ისევე, როგორც სამონტაჟო პროგრამა. ეს უკანასკნელი არ განახლებულა 5 წელია. არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის კამერები (არსებული მოძველებულია). მიკროფონების ნაწილი აღარ ექვემდებარება შეკეთებას. გვაქვს მხოლოდ 2 სამაგრი მიკროფონი (ე.წ. „პეტლიჩკა“), რაც არასაკმარისია. მოძველებულია კამერის „ჩიპები“. რამდენიმე წლის წინანდელია საეთეროს პულტიც, რაც თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი სამონტაჟო პროგრამა- „დალეტი“, „ვიზარდი“ ან რამე მსგავსი, რაც გაგვიადვილებდა სამუშაო პროცესს და ადვილად აღქმადს გახდიდა პროდუქტს, სანამ ეთერში გავა.“

„გასაზრდელია რეგიონების დაფარვის ზონა. რამდენიმე რეგიონში უნდა გავხსნათ ბიუროები. პარალელურად უნდა მოხდეს აპარატურის განახლება და სასურველია, დავუქირავოთ ოფისები იმ ჯგუფებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, რათა ელემენტარული სამუშაო პირობები ჰქონდეთ.“

„ცენტრალურ ნიუსრუმში მცირე ფართი, არაკონდიცირებადი გარემო, ფანჯრების არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო პირობებს.“

„საერთაშორისო ამბების განყოფილებას ესაჭიროება დამატებითი ტექნიკა, ასევე, კადრები და სასურველია საერთაშორისო სააგენტოების დამატება (გვაქვს „როიტერი“, სასურველია AP).“

„ნიუსრუმს არ აქვს საკუთარი ცხელი ხაზი, რომელიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებს და საჭიროა დამატებითი ჯგუფის შექმნა. ნიუსრუმისთვის აუცილებელია სტილისტ-რედაქტორი, ასევე საჭიროა წამყვანებისთვის და კორესპონდენტებისთვის გარდერობის განახლება (კორესპონდენტები საკუთარი სახსრების იცვამენ).“

„ბოლო ორი წელია, დაბალი ხელფასების გამო მოხდა კვალიფიციური კადრების გადინება. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური არ აღმოჩნდა კონკურენტურანიანი ხელფასების მხრივ – სხვა არხებთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია კადრების დეფიციტი. ამიტომ სახელფასო პოლიტიკა ყველა დონეზე გადასახედია. დეფიციტი ნაწილობრივ შეივსო ახალი, დამწყები ჟურნალისტებით, რაც, ბუნებრივია, ხარისხზე აისახა. სწორედ ამიტომ, დასამატებელია ახალი კადრები, რომელთაც აქვთ ჟურნალისტად მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება (ე.წ. „სენიორ რეპორტიორები“), რათა დანაკლისის შევსება მოხდეს.“

„აუცილებელია პირდაპირი ჩართვისთვის განკუთვნილი ტექნიკის განახლება და ნიუსის ჩართვის თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფა. მოძველებული აპარატურა ხშირად გამხდარა პირდაპირი ჩართვის ჩაშლის მიზეზი. ყოფილა შემთხვევები, როცა კრახით დასრულებულა ექსკლუზიურად მოპოვებული სტუმრის პირდაპირ ეთერში ჩართვის მცდელობა.“

„პროფესიონალი ჟურნალისტების მცირე რაოდენობის გამო, ხშირად ხდება, რომ დღის მთავარი თემა დამწყები (თუნდაც, ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე) კორესპონდენტის ხელთაა, რაც არ იძლევა სათანადო ეფექტს.“

„ტექნიკურ პრობლემებს შორის დავასახელებდი „გეპეიში“ აწყობილ ჩართვებს, სიგნალის გასწორების პრობლემას, „ლაივუების“ არარსებობას. „პეტლიჩკები“ არ გვაქვს, მიკროფონების გამო ხშირად ფუჭდება ხმა, მოძველებულია კამერები.“

„განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში. არ არსებობს ოფისები. ჩართვის საშუალება მხოლოდ ქუთაისიდანაა. კომპიუტერები, ტექნიკა გასაახლებელია.“

„საინფორმაციო სამსახურს არ აქვს არც ერთი ქსელური პროგრამა, ე.წ. „ვიორსტკები“ იწერება Word-ში. პროდიუსერებს არ შეგვიძლია მასალების, სიუჟეტების ნახვა კომპიუტერებში – მხოლოდ სამონტაჟოებშია შესაძლებელი, რომლებიც ხშირად ჟურნალისტების მიერაა დაკავებული. სუფლიორი იმდენად მოძველებულია, რომ ახალ Word-ს და Sylfaen-ს ვერ ხსნის და ვერ კითხულობს.“

„ნიურუმის ფართი არ იძლევა ერთიან სივრცეში ტელევიზიის, რადიოსა და ვების განთავსების საშუალებას, რაც აფერხებს კომუნიკაციას და ოპერატიულობას. ნიუსრუმში არის უჰაერობის, კონდიცირებისა და გათბობის სერიოზული პრობლემები.“

„მოხდა კვალიფიციური კადრების გადინება. ახლა ჟურნალისტებისა და ოპერატორების სიმწირეა. ტელევიზიაში არ არსებობს კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმები, საპრემიო და მოტივაციის ამაღლების სისტემა.“

„დეპარტამენტის ოპერატიული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ერთდროულად რამდენიმე ძირითადი უცხოური (რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი) ტელეკომპანიის გაკონტროლება სამუშაო ადგილიდან. არსებობს პირდაპირი ეთერის დამოუკიდებლად ჩაწერის პრობლემა და საჭიროა სათანადო ტექნიკა (ტელევიზორი, ჩამწერი). პრობლემაა მსოფლიოს წამყვანი სააგენტოების გამოწერის არარსებობა. ასევე, პრობლემურია სამუშაო კომპიუტერების მდგომარეობა. ოთახში არ გვაქვს ე.წ. პრინტერი, რის გამოც მასალის ამობეჭდვა ხდება ერთი სართულით ქვემოთ.“

„მთავარი პრობლემაა ჟურნალისტების არასაკმარისი რაოდენობა და მიმართულებების მიხედვით მათი სპეციალიზაციის ნაკლებობა. ისეთი თემები, როგორებიცაა ჯანდაცვა, სოციალური სერვისები, განათლება, დაზღვვა – ითვლება „მეორადად“. ხშირად ამ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს უწევთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე (პრესკონფერენციებზე, კომენტარებზე) გადართვა. ხშირად ამის მიზეზი არის კამერების დეფიციტიც.“

„ჩვენს რედაქციას ემსახურება ორი სამონტაჟო ხმის ჩამწერი ერთი კაბინით. აუცილებელია მეორე კაბინის დამატება. გასაძლიერებელია სამონტაჟო კომპიუტერები. თანამშრომლებზე განპირობებულ კომპიუტერთა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.“

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიმართულებებთან შედარებით, პოლიტიკურ თემებზე უფრო მეტი ჟურნალისტი მუშაობს, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. სასურველია, ჟურნალისტებს უფრო მეტად ჰქონდეთ პირობები, განავითარონ პროფესიული ცოდნა; ჩამოყალიბდნენ ერთ ან რამდენიმე სფეროში წამყვან ჟურნალისტად. პროფესიონალი კადრების დამატებით მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ პირველი არხის საონფორმაციო გამოშვებები იყოს უფრო მრავალფეროვანი, ორიგინალური თემატიკის და უფრო სიღრმისეული.“

„ნიუსრუმში არის გამართული კომპიუტერების და საჭირო აქსესუარების დეფიციტი. ასევე სასურველია, გვქონდეს შესაბამისი პროგრამა, რომელიც პროდიუსერებს საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში, ეთერში გასვლამდე პერსონალურ კომპიუტერზე მარტივად შევამოწმოთ ვიდეომასალა, რესპონდენტების კომენტარები.“

„მოამბეში“ ძალიან ცუდ დღეშია მიკროფონები, შტატივებიც, ცუდი მდგომარეობა გვაქვს ჩიპებზე, საჭიროა მინიმუმ 10 P2 ჩიპის შეძენა. კარგი იქნება, თუ დავამატებთ მინიმუმ ორ კამერას. რეგიონებში თითქმის ყველა კამერას პრობლემა აქვს. ასევე, კარგი იქნება, „მოამბეს“ ჰყავდეს თავისი მანქანები – ოპერატიული და სწრაფი გადაადგილებისთვის. საჭიროა შევიძინოთ 4 ლეპტოპი საზღვარგარეთ მივლინებებში სამუშაოდ, რათა სწრაფად დამონტაჟდეს და გადმოგორდეს მასალა. საჭიროა მინიმუმ 4 „პეტლიჩკის“ დამატება. რეგიონებში დიდი პრობლემები გვაქვს ინტერნეტთან დაკავშირებით.“

„მოამბეს ჰყავს რვა რეგიონული ჯგუფი. არც ერთ რეგიონში არ გვაქვს ინტრენეტი, ჩართვის წერტილი, ოფისი. პრობლემების აღწერა რეგიონების მიხედვით:

შიდა ქართლი. კამერა: მონიტორი გაფუჭებულია, კამერას „ფლეშბეკი“ არ უმაგრდება, ხელით უჭირავს ოპერატორს. მიკროფონის სადგამი. მიკროფონს ხმის აღება უჭირს. ასევე, მანქანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

სამეგრელო – ზემო სვანეთი. კამერის „შუმავიკი“ დაზიანებულია. რამდენჯერმე გავაკეთეთ, თუმცა, უშედეგოდ. განათება არ აქვს.

აჭარა. კამერა არის ძალიან ცუდ დღეში, გადაღების დროს ჭედავს, განსაკუთრებით, „ოფშ“ კადრებთან დაკავშირებით არის პრობლემა.

ქვემო ქართლი. არ გვაქვს მიკროფონი, „პეტლიჩკით“ ვმუშაობთ. განათება მობილურ ტელეფონს უფრო მაღალი აქვს. ასევე, კამერა შტატივზე არ მაგრდება, მორყეულია.

იმერეთი. მწყობრიდანაა გამოსული კამერა, მონიტორი აქვს გატეხილი და არ აჩვენებს. ხმის პრობლემა აქვს. ასევე – ფერები ირევა თავისით (მუშაობის პროცესში). „შუმავიკია“ მოტეხილი. ხმის მიმღებია დაზიანებული და ხშირად ხმა იწერება ხარვეზებით. შტატივზე კამერის დამაგრება ჭირს.

სამცხე-ჯავახეთი. კამერის ეკრანი არ მუშაობს. ვიზირს ბალანსის გასწორება უჭირს. არ გვყავს ჟურნალისტი.

კახეთი. პრობლემაა განათება, კამერის მონიტორი არის გაფუჭებული. არ გვაქვს მიკროფონი და ნათხოვარით ვმუშაობთ.

ფოთი. კამერა არის ძალიან ძველი, რომელიც გადაღების დროს იჭედება. განათება არ ვარგა. არ გვაქვს რადიომიკროფონი. საერთოდ არ გვაქვს ლეპტოპი. ტრანსპორტის ხარჯი აქვს სხვა რეგიონებთან შედარებით ნახევარი მაშინ, როდესაც ფარავს გურიას.“

„ჩვენი ჯგუფის თხოვნაა, დაგვიმატოთ სამი ჟურნალისტი და შემდეგი ტექნიკა: 2 ერთეული სამუშაო კომპიუტერი; 1 ერთეული გასაშიფრი კომპიუტერი; 2 ერთეული ვიდეოკამერა, შტატივით „მარკ-2“; 1 ერთეული ფარული ვიდეოკამერა. ასევე, 1 ოთახი, დივანი და მანქანა, რომელიც მოემსახურება მხოლოდ ჩვენს ჯგუფს.“

„2011 წლის პირველ კვარტალში შემუშავდა და განხორციელდა საინფორმაციო სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ 2011 წლის პროექტის მიხედვით სისტემა შეძენილი იყო მხოლოდ პირველი ეტაპისთვის და შემდგომ წლებში უნდა მომხდარიყო სისტემის ინფრასტრუქტურული არქიტექტურის ეტაპობრივი განვითარება, რაც დღემდე ღია საკითხად რჩება. 2011 წლის პროექტის თანახმად, საინფორმაციო სამსახურის სისტემა აწყობილია სტანდარტული გარჩევადობის ხარისხში (SD) და მას არ გააჩნია ტექნიკური რესურსი მაღალი გარჩევადობის ფორმატებში (HD) სამუშაოდ.“

“წლების განმავლობაში შეიცვალა საოფისე ტექნიკური საშუალებების  მხოლოდ მცირე რაოდენობა, რაც მოიცავს რამდენიმე კომპიუტერს და მხოლოდ ტექნიკურ სათადარიგო ნაწილებს. ასევე ნაწილობრივ გამოიცვალა გარე გადაღებების კამერები, მაგრამ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოძველდა რამდენიმე კამერა, რაც მეტწილად რეგიონებში გვხვდება. მრავალ კამერას არ აქვს სრული სეტი ხმისა და განათების. საინფორმაციო სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს მიწისზედა სარელეო გადამცემები. დღევანდელი სიტუაციით მუშა მდგომარეობაში შემორჩენილია მხოლოდ 3 სარელეო აპარატი და მუდმივ შეკეთებას საჭიროებს, რაც პრობლემას წარმოქმნის და კონტენტის დროულ მიწოდებას აფერხებს.“

„დღევანდელი გამოწვევებისა და დასახული მიზნების განსახორციელებლად, აუცილებელია საინფორმაციო სამსახურში ინტელექტუალურ ლოგიკური სისტემის დანერგვა და პერსონალის გადამზადება მაღალი დონის ავტომატიზირებულ სისტემებთან სამუშაოდ.“

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გადაცემის თავდაპირველ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ე.წ. რესერჩ-პროდიუსერის, მეორე ჟურნალისტის და ტექნიკური პროდიუსერის – საეთეროს რეჟისორის შტატი, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გუნდის სრულად დაკომპლექტება. თანხის დაზოგვის მიზნით, ჩვენ მოვიძიეთ შიდა კადრები, რომლებიც თანახმა არიან, არასრული ანაზღაურებით (მხოლოდ გარკვეული თანხის დამატებით), ძირითად საქმიანობასთან დამატებით, შეასრულონ ჟურნალისტის და რეჟისორის სამუშაო. თუმცა ამ ეტაპზე ამ თანხის მოძიება პრობლემად რჩება.“

„იმის გამო, რომ ჩვენი გადაცემა იწერება, მონტაჟის პროცესის დასაჩქარებლად სასურველი იქნება ე.წ. პრემიერის სამონტაჟოს გამოყოფა, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.“

„კიდევ ერთი პრობლემა ჩვენი ჯგუფისთვის სამუშაო სივრცის არარსებობაა. ამჟამად სამუშაო ადგილს ვიყოფთ სხვა გადაცემის თანამშრომლებთან ერთად, რაც ართულებს გადაცემის დაგეგმვას და მასზე შემდგომი მუშაობის პროცესს.“

„ჩვენს გადაცემაზე არ არის გაპირობებული არც კამერა, არც სამონტაჟო, არც გრაფიკული კომპიუტერი, არც ჩართვის აპარატი, არც სტუდია, არც შეფუთვა. იმ პირობებში საქმიანობა, რომელშიც დღეს ვართ, ყოველად გაუსაძლისია.“

„პირდაპირ ეთერში ხშირად ჩნდება მცირე ტექნიკური პრობლემები, ხან „პეტლიჩკა“ ითიშება შუა ეთერისას, ხან წამყვანის „ყური“ არ მუშაობს.“

„მარეგულირებლის მიერ რადიო 1-სთვის გამოყოფილი 21 სამაუწყებლო ზონიდან მაუწყებლობა ხორციელდება მხოლოდ 12-ში. გადამცემების უმრავლესობა მოძველებულია, არ შეესაბამება მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ სიმძლავრეებს და შესაცვლელია. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული პროგრამები განკუთვნილია პირველ რიგში იმ რეგიონებისთვის, რომლებშიც „საზოგადოებრივი რადიო 1“ პრაქტიკულად არ მაუწყებლობს.“

„მაუწყებლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს RDS ინკოდერების არარსებობა. ამ მხრივ საზოგადოებრივი რადიო, პრაქტიკულად, ერთადერთი გამონაკლისია. RDS ინკოდერი მსმენელს რადიოს იდენტიფიცირების და მაუწყებლობის ერთი ზონიდან მეორე ზონაში გადასვლისას ავტომატურ ცვლას უზრუნველყოფს.“

”შესაცვლელია სტუდიური, მათ შორის, პირდაპირი ეთერის, კომპიუტერები. არადამაკმაყოფილებელია მიკროფონების და ჩამწერების რაოდენობა და მდგომარეობა.“

„საჭიროა ზუსტი, თანმიმდევრული და ვადებით განსაზღვრული გეგმა, როგორ ვმუშაობთ წლიდან-წლამდე. როდის ვიწყებთ ახალი სეზონის პროექტებისთვის მზადებას? რა დრო გვაქვს პროექტის სრული საწარმო ციკლისთვის? როდის და რის საფუძველზე ფასდება პროექტები?“

„არ არსებობს თანამშრომლების შეფასების სისტემა, რომელიც დაგვეხმარება, სამართლიანად განხორციელდეს თანამშრომლისთვის შესაბამისი რანგის მინიჭება, რაც პირდაპირპროპორციულია თანამშრომლების დემოტივაციასთან. შეფასების სისტემის დანერგვის პროექტი დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე – შეჩერებული. მნიშვნელოვანია სისტემის შემუშავება და დანერგვა.“

„პროექტის წარმოებისას სხვა (დამხმარე) სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობისას ხშირია პასუხისმგებლობების დუბლირება. ვალდებულებების სფეროები ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია. ხდება ამოცანების/დავალებების არამიზნობრივი დელეგირება. ხშირია უფლებების არალეგიტიმური გამოყენება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოებული პროდუქტის ხარისხზე აისახება. არაეფექტურად იხარჯება დრო და ადამიანური რესურსი. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციის წესები/სტანდარტები.“

„არასაკმარისი და გაუმართავი ტექნიკის შესახებ საუბარი იმდენად ბანალურია, რომ სჯობს, გაცილებით დიდ პრობლემებზე ვისაუბროთ.“

„შეიძლება, არ არის საჭირო, ყველაფრის საქმის კურსში ვიყოთ, მაგრამ როცა შიგნით რადიკალურად იცვლება რაღაც, ხომ შეიძლება, პოსტფაქტუმ კი არ ვიგებდეთ ამას, არამედ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებამდე.“

„ახალი სტრუქტურის მიხედვით გაჩნდა პოზიციები, რომელიც ხელოვნურად ქმნის ბარიერს, მაგალითად, მიმართულების ხელმძღვანელი და, ზოგადად, მიმართულების პროდიუსერები, რომელთა პოზიციები დუბლირებულია და უფრო მეტად მორგებულია პერსონას, ვიდრე სისტემას.“

„როგორც ჩვენი გადაცემის, ასევე მთლიანად არხის გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მოძველებული ან არასაკმარისი ტექნიკური რესურსი რჩება, რომლის კვლევაზე დაფუძნებული განახლებაც, პერსონალის ტრენინგთან ერთად, დადებით როლს შეასრულებდა არხის საჭირო სტანდარტებით მაუწყებლობაზე.“

„ხშირად, როდესაც საველე პირობებში გვიწევს გადაღება, არ გვაქვს შესაბამისი მიკროფონები, რის გამოც დაბალი ხარისხის, ან სულაც წუნდებული მასალა ჩამოგვაქვს გადაღებებიდან. ამორტიზირებულია ჩვენი სამონტაჟო აპარატურაც. მისი მეხსიერების საბოლოო გათიშვა ყოველ წუთსაა შესაძლებელი. არადა, ნახევარი წლის ნამუშევრები, რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში, მასშია მოთავსებული. მასალების შესანახად გარე ვინჩესტერების არარსებობა მთელი ტელევიზიის სატკივარია. აღარაფერს ვიტყვით სხვა ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებიც მთელი ტელევიზიისთვის საერთოა. იმ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც, რაღაც მანქანებით, ძლივს მოვიპოვე გადაცემისთვის (ყველა პროდიუსერს როდი აქვს ეს ფუფუნება) და რომელზეც ახლა ამ წერილს გწერთ, არ მუშაობს რამდენიმე ასოს ღილაკი. ამიტომაც, დიდ ბოდიშს გიხდით იმ კორექტურისთვის, რომელიც „გაიპარება“ ტექნიკური მიზეზების გამო.“

„ჩვენი გადაცემისთვის აუცილებლად გვჭირდება ვიდეოკამერების ჩიპები, რაც საზიარო გვაქვს ორ გადაცემას და გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს.“

„ჩვენი აზრით, ნებისმიერ გადაცემას სჭირდება მუსიკალური რედაქტორი და არა რეჟისორის მიერ საკუთარი გემოვნებით სხვადასხვა საიტიდან მოძიებული მუსიკალური მასალა.“

„XDC am-ის ვიდეოკამერები არის სავალალო მდგომარეობაში. არ ვარგა ობიექტივები, შტატივებს არ უვარგა სამაგრები, რაც ქმნის ტექნიკურ პრობლემებს და აისახება გადაცემის ხარისხზე. რაც შეეხება შედარებით ახალ კამერებს, ე.წ. მარკებს, ისინი გამოიყენება სარეკლამო სტუდიებში ვიდეორგოლების დასამზადებლად და არა გარე ლოკაციაში გადაცემის გადასაღებად.“

„მუზეუმში დოკუმენტური კადრების გასაშვებად ვიყენებთ პროექტორს. პროექტორი კი ხშირად დაკავებულია, რაც გადაცემის ჩაწერას აფერხებს. კარგი იქნება, გადაცემას ჰქონდეს მისთვის განკუთვნილი პროექტორი – საწარმოო პროცესის სრულყოფის მიზნით.“

„ჩვენ მოგვიწია იმ დეკორაციაში მუშაობა, რომელიც უნივერსალური იყო ბევრი გადაცემისთვის და არ იყო მორგებული ჩვენს შინაარსზე. წელს კიდევ უფრო შეუსაბამო დეკორაციიდან გვიწევს მაუწყებლობა. პრობლემაა აპარატურა, რომლის უხარისხობა პირდაპირ აისახება ისეთი გადაცემის შინაარსზე, სადაც ინტერაქცია უმნიშვნელოვანესია.“

„ჩვენი გადაცემისთვის პირველ რიგში შესაცვლელი ან შესაძენია:

დეკორაცია, რომელიც არ პასუხობს გადაცემის შინაარსს.

2 კომპიუტერი – მობილური ჩართვებისთვის საეთეროში (ახლა ერთი, ფაქტობრივად, არ მუშაობს, მეორეს, ხშირ შემთხვევაში, ხარვეზი აქვს).

ჰიბრიდი ტელეფონი – მხოლოდ ერთი ზარის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ რამდენიმე პარალელურ ზარს, გვქონდეს ერთზე მეტი მობილური ჩართვა, ან დავაზღვიოთ facebook/skype ჩართვების ხმა.

აქსესუარები მობილური ჩართვებისთვის – ხელის შტატივი, ლინზა, მობილურის მიკროფონი უკეთესი ხარისხის ხმის მისაღებად (20).

გამართული საოფისე კომპიუტერები (6).

ერთი სამონტაჟო კომპიუტერი ვებისთვის მასალების მოსამზადებლად.“

„მიმაჩნია, რომ ამჟამად ტელევიზიაში არის რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რაც აფერხებს სამუშაო პროცესს და მოქმედებს სამუშაოს შესრულების ეფექტურობაზე:

1. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2. სხვადასხვა სამსახურს შორის გაუმართავი კომუნიკაცია.

3. გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება.“

„ამ ეტაპზე გადაცემას არ აქვს დეკორაცია. ის უბრალოდ შავ ფონზე იწერება. უმჯობესი იქნება, თუკი გადაცემის კონცეფციის გათვალისწინებით შეიქმნება მინიმალისტური და საინტერესო დიზაინი და ახალი სეზონიდან გადაცემა განსხვავებული ვიზუალურით წარდება მაყურებლის წინაშე.“

„ჯერ კიდევ შოუს ეთერში გასვლამდე, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ვითხოვდი კამერების სამაგრებს და კაბელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია. ვმუშაობთ მუდმივი რისკის და სტრესის ფასად, რადგან კამერებს მანქანაში და უკან მიმყოლ მანქანაზე ვამაგრებთ სკოჩებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აპარატურას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება დაგვიზიანდეს კამერა. კამერების ჩიპები იმდენად ცოტა რაოდენობითაა, რომ არაერთი გადაცემა მუშაობს ერთი და იმავე ჩიპებით. ხშირ შემთხვევაში ხდება დამთხვევა, რაც ძალიან გვიშლის ხელს დაგეგმვაში და სრულფასოვნად მუშაობაში.“

„ტექნიკის არასაკმარისობა უდიდესი ხელის შემშლელი ფაქტორია. ყოველდღიურ გადაცემაში ორ თემაზე მხოლოდ ერთი სიუჟეტი გვაქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში არ გვყოფნის კამერები, ან თუ გვყოფნის, ხარისხიან კამერას ვერ ვიყენებთ, რადგან უამრავი გადაღება ემთხვევა ერთმანეთს. აქაც ჩიპების უკმარისობაა და ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს, რაც საბოლოოდ ისევ დაგეგმარების პრობლემებს ქმნის. ასევე არასაკმარისია სამონტაჟოები. პრაქტიკულად ერთი სამონტაჟო ყოველდღიური გადაცემის მოსამზადებლად და სამი ჟურნალისტის სამუშაოდ არასაკმარისია. ასევე პრობლემაა ამ მოცულობის პროექტისთვის ერთი მემონტაჟე, რომელსაც, სრული დატვირთვის შემთხვევაში, საკმაოდ კაბალურ პირობებში მოუწევს მუშაობა.“

„მიუხედავად ჩვენ მიერ მოთხოვნილი კომპიუტერული ტექნიკის განახლებისა, ან დამატების შესახებ არაერთი მოთხოვნისა – არც ერთი არ დაკმაყოფილდა. ჩვენმა ოთხივე სამონტაჟო კომპიუტერმა დიდი ხანია ამოწურა სამუშაო რესურსი, რაც ანელებს სამუშაო პროცესებს. საოფისე კომპიუტერი კი რამდენიმე ჩვენს სცენარისტს და რეჟისორს საერთოდ არ აქვს.“

„გადაცემის წარმოების პროცესში ძირითადად გამოიკვეთა ტექნიკური სახის პრობლემები. კონკრეტულად: გადაცემის ჩაწერისთვის აუცილებელი განათების ტექნიკის არარსებობა და ხმის ჩამწრი გარნიტურების ხარვეზებით მუშაობა. ეს ორი ფაქტორი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი მუშაობის პროცესზე, რადგან სატელევიზიო გადაცემისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ გამოსახულება და ხმაა.“

„არხს სულ ორი მიკროავტობუსი ჰყავს, რომლებიც ხშირად გამოდის მწყობრიდან. იყო შემთხვევა, როდესაც ამბროლაურიდან მომავალი მოსწავლეები თბილისამდე ვერ ჩამოვიდნენ და უკან მიბრუნება მოუწიათ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ტრანსპორტის სადმე გაგზავნა, მით უმეტეს, ბავშვებთან, არხის მხრიდან საკმაოდ უხერხულია.“

„არხზე არსებული გლობალური პრობლემები შემდეგია: ტექნიკური რესურსის დაბალი ხარისხი, რაც აისახება გადაცემების გამოსახულებასა და ხმაზე; მარკეტინგული აქტივობების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის პროექტების სწორად პოზიციონირებას და მათი ცნობადობის გაზრდას; უკიდურესად დაბალი კორპორაციული კულტურა, რაც, ზოგადად, ყველა თანამშრომელზე უარყოფითად მოქმედებს და მათ აპრიორი დამარცხებულის ფსიქოლოგიას უჩენს.“

„ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მიკროფონების, ე.წ. „პეტლიჩკებისა“ და ჩართვის აპარატების არქონა და მწყობრიდან გამოსვლა საყოველთაოა.“

„ჩვენი გადაცემის პრობლემები:

1. არ არის კომპიუტერები. ორი წამყვანი და ორი პროდიუსერი ერთი კომპიუტერის იმედად ვართ.

2. არ გვაქვს პრინტერი და ექვსი წელია, ხან რომელ ოთახში დავდივართ ამოსაბეჭდად, ხან რომელში.

3. ოთახში საშინელი მდგომარეობაა. 70-იანების მერე არაფერი გაკეთებულა, ვიყინებით, რადგან უხარისხო კონდიციონერია და 80-იანი წლების „პლიტები“ გვაქვს ჩართული.

4. სტუდიაში საერთოდ ყველაფერი პრობლემაა.

– ყველა კამერა სხვადასხვა ფერს აჩვენებს, არ ვარგა არც ერთი ე.წ. „ყური“, „პეტლიჩკა“, მთელი ეთერის დროს წამყვანს ერთი სათადარიგო ყური ყოველთვის უდევს უკან სკამზე, ყოველი შემთხვევისთვის.

– მუდმივად გვაქვს ხმის პრობლემა.

– მუდმივად არის „სერვერის“ პრობლემა: არ ვიცით, როგორი ხარისხით იწერს, ან იწერს კი საერთოდ?!“

„ჩვენს გადაცემას არ გააჩნია პრინტერი (დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვათხოვა თავისი კაბინეტიდან). არ ვარგა არც ერთი კამერა, რომელიც ისევე „მეორადია“, როგორც ჩვენი არხის მთელი აპარატურა. არ გვაქვს წყალი სტუმრებისთვის. გვედგა ერთი დისპენსერი, რომელიც უკან წაიღეს. ველოდებით ტენდერს – მუდმივად.“

„არქივის გადაუდებელი სამუშაოები

1. სამუშაო ოთახების შემოერთება მეორე სართულზე და რედაქტორების და მემონტაჟეების შრომის პირობების გაუმჯობესება.

2. შემოერთებული ოთახების მოწესრიგება – გამათბობლების დაყენება.

3. დოკუმენტების არქივის საცავის გადატანა მეორე სართულზე.

4. ვიდეოსაცავში თაროების გაკეთება – პროექტი არსებობს.

5. ვიდეოსაცავში კონდიციონერის დაყენება.

6. ვიდეოფონდში ტექნიკური აღჭურვის მოწესრიგება, ვიდეომაგნიტოფონების შეკეთება-შეძენა, სამონტაჟო კომპიუტერის შეძენა ვიდეომემონტაჟისთვის.

7. სერვერის (ციფრულ ფორმატში გადაყვანილი მასალების მასივის) შეძენა – 120 000 დოლარი.

8. „მოამბის“ არქივისთვის დამატებითი ოთახის გამოყოფა.

9. არქივის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების გადახედვა და ხელფასების მომატება.

10. ტელევიზიის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებული ფოტოფონდის მასალებით შედგენილი საიუბილეო კატალოგის გამოცემა, რომელიც ვერ მოესწრო გასულ წელს.“

„მე, როგორც ამ პროექტის შემოქმედებითი ნაწილის ფაქტიური ხელმძღვანელი, მოგახსენებთ, რომ ვმუშაობთ საქმის მოცულობასთან შეუსაბამო ტექნიკით, რის გამოც ხშირად გვიწევს სამუშაოს ორმაგად კეთება. რამდენჯერმე მემონტაჟეთა ჯგუფმა სასწაულად შეძლო, მასალა სრულ გაქრობას გადაერჩინა.“

*

„მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა ხარვეზით, მონტაჟის რეჟისორმა ახსნა, რომ ხარვეზი (კადრის დუბლირება) გამოწვეულია არალიცენზირებული სამონტაჟო პროგრამის (შეუძლებელია განახლება) და ვადაგასული (6 წლის) სამონტაჟო კომპიუტერის ბრალეულობით“

*

„სტანდარტულ სიტუაციაში ჩვენი გადაცემის ჩაწერა ხდება ორ დისკ რეკოდერზე. ერთ-ერთზე იწერება ე.წ. მასტერი, ხოლო მეორეზე – დამატებითი კამერა. ასევე იწერება მესამე დამატებითი კამერა – კრანი „ავიდის“ სერვერზე.

19 იანვარს გადაცემის ჩაწერის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი დისკ რეკორდერი, პრიორიტეტული საჭიროებიდან გამომდინარე, წაიღეს მოძრავ სატელევიზიო სადგურში. გაუთვალისწინებელი მოცემულობიდან გამომდინარე, ადგილზევე მოიძებნა გამოსავალი – ავიდის სერვერზე ჩაწერილიყო ე.წ. კრანიც და მასტერიც.

როდესაც დადგა მასალის გაშიფვრის საჭიროება, მასალა სამონტაჟოში ვერ მოიძებნა. პასუხად მივიღეთ, რომ შუალედურ სერვერზე გადაიწვა მყარი დისკი (ე.წ. ვინჩესტერი), მასალა კი მემონტაჟეს დროულად არ ჰქონდა გადატანილი სამონტაჟოში. გადაცემის ჩანაწერიდან დარჩენილია მხოლოდ ე.წ. კრანის მასალა.“

*

„მოგეხსენებათ, არსებული სერვერული ინფრასტრუქტურა, რომელზეც განლაგებულია ტელევიზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა – Exchange Server ასევე SMS Server, ვირტუალური ინფრასტრუქტურა Domain Cintrollers (2) DHCP Servers, DNS Servers, Archieve Server (არქივის პროგრამა და ბაზა), Codex Server (იურისტების ბაზა), Teleport Server (მარკეტინგის პროგრამა, სხვადასხვა კომპანიის გაერთიანება, საერთო ბაზა), Oris Terminal Server (ბუღალტერიის ძირითადი ბაზა და სამუშაო პროგრამა), დაშვების კონტროლერის სერვერი (კადრების აღრიცხვიანობის პროგრამა), სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე 25-მდე ვირტუალური მანქანა, ასევე ცენტრალური სისტემური დისკური სივრცე, რომელიც წარმოადგენს ახალი ამბების სამსახურის, სხვადასხვა პირდაპირი ეთერის და მთელი ტელევიზიის გადაცემების „ლაივ“ რეჟიმში მუშაობის სერვერს – არის მოძველებული. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მეხუთე წელია, რაც ყოველგვარი განახლების გარეშე მუშაობს. დღესდღეობით ამ სერვერებს ხანდაზმულობის გამო აქვს სხვადასხვა ტიპის პრობლემები, როგორებიცაა – სერვერის დაკიდება მუშაობის რეჟიმში; მუდმივი გადატვირთვა, რაც იწვევს მუშაობის შეფერხებას; მყარი დისკების მწყობრიდან გამოსვლა, რაც დროის გასვლასთან ერთად, ზრდის ინფორმაციის კარგვის ალბათობას. სხვადასხვა სახის პრობლემები, ჯამში, არასტაბილურ და არასაიმედო მუშაობას იწვევს. ასევე სტრიმინგ სერვერებს, რომლებიც ემსახურება პირდაპირი ეთერის ინტერნეტში მაუწყებლობას, აქვს მუდმივი პრობლემა, კერძოდ, დედაპლატის მწყობრიდან გამოსვლის გამო გადის ლურჯ ეკრანზე, რაც იწვევს ინტერნეტმაუწყებლობის შეფერხებით მუშაობას. მოგეხსენებათ, ჩვენს სისტემაში, საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე არის კიდევ უფრო მოძველებული ფიზიკური მანქანები (სერვერები) და მყარი დისკები, რომლებიც თითქმის 10 წელიწადია მუდმივი დატვირთვის რეჟიმში მუშაობენ, რაც ასევე უფრო არასაიმედოს ხდის სამუშაო გარემოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სერვერული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. საჭიროა, სწორად შეირჩეს და დაპროექტდეს სერვერული ინფრასტრუქტურა. სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, საჭიროა და აუცილებელია ქსელური ინფრასტრუქტურის განახლებაც, რაც გულისხმობს დამატებითი კომუტატორების შეძენას და ქსელის ოპტიმიზაციას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი